სამშენებლო ამნისტია

ხაზარაძე სამშენებლო ამნისტიაზე: ეს კანონი საჭიროებს გაწვევას, ვიცოდეთ მაინც, ვის ვპატიობთ

მამუკა ხაზარაძე

"ეს კანონი, ახლა რა წესითაცაა  წარმოდგენილი, პირდაპირ გეუბნებით, რომ საჭიროებს გაწვევას, ფაქტების მოძიებას, ვინ არის ის 50 ან 100 კომპანია, რომ ვიცოდეთ მაინც, ვის უნდა ვაპატიოთ". - ამის შესახებ პარტია ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პლენარულ სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამშენებლო ამნისტიის კანონპროექტს მხარს უჭერს, მაგრამ არა ამ ფორმით, რადგან მოსახლეობას არ აქვს ინფორმაცია იმ კომპანიების შესახებ, რომლებმაც კანონი უხეშად დაარღვიეს, სწორედ ესაა ამ კანონპროექტის უმთავრესი პრობლემაც.

"მხარს ვუჭერ იმ ნაწილს ამნისტიის, რომელიც ეხება ჩვენს მოქალაქეებს, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი რეგულაციის, ბევრი პრობლემის გამო ამ ადამიანებმა სხვა გზა ვერ იპოვეს და თავიანთი საცხოვრებელი პირობები, ზოგ შემთხვევაში, კანონის დარღვევით განახორციელეს, ამ მხრივ მე ამ მიმართულებას მხარს ვუჭერ, თუმცა, სამწუხაროა, რომ დღეს სესიაზე გამოდის ეს საკითხი, იმ კითხვებზე პასუხის მიუღებლობის მიუხედავად, რომელიც მე კომიტეტზე დავსვი.

პირველ რიგში, მე მოვითხოვე, რომ კომიტეტს და ყველას, ჩვენ, გვქონოდა სრული ინფორმაცია თუნდაც პირველი 50 ან 100 დეველოპერული კომპანიის შესახებ, რომელმაც კანონი უხეშად დაარღვია, რეკრეაციულ ზონაში უკანონოდ ააშენა, დაამატა სართულები, გადააჭარბა იმ ნორმებს, რომელიც კანონით არ ეკუთვნოდა. მე მოვითხოვე ამ კომპანიების ჩამონათვალი, თუ როგორ დაჯარიმდნენ ისინი და ამნისტიის შემთხვევაში რა ზარალს მიიღებს ბიუჯეტი. რა ჩამკეტი მექანიზმი არსებობს იმისთვის, რომ მომავალში მსგავსი რამ არ განმეორდეს?", - თქვა ხაზარაძემ.

ხაზარაძის თქმით, იმ მიზეზით, რომ მოსახლეობას არ აქვს კანონდამრღვევი კომპანიების შესახებ ინფორმაცია, იკვეთება კორუფციული ინტერესებიც.

"ამ კანონმდებლობაში, რომელიც თქვენ მიიღეთ, იკვეთება ძალიან დიდი კორუფციული ინტერესი, იმიტომ, რომ თქვენ აკეთებთ ამნისტიას ისე, რომ ხალხის არჩეულ დეპუტატებს, მოსახლეობას, თბილისის მოქალაქეებს არ ეუბნებით, ვინ დაურღვია ამ ქალაქს სტრუქტურა, ეს არის ძალადობა, როცა მეზობელს უკეტავ ხედს და უჭრი ხეს, უნგრევ მეხსიერებას და ანგრევ გაცილებით მეტს", - თქვა ხაზარაძემ.

ქართულმა ოცნებამ სამშენებლო ამნისტიის კანონპროექტი მიმდინარე წლის თებერვალში თბილისის მერიასთან ერთად შეიმუშავა, რომლის ფარგლებშიც, ამნისტირებული იქნება ის შენობები, რომელიც თავის დროზე გარკვეული დარღვევებით აშენდა, მაგრამ აკმაყოფილებენ უსაფრთხოების ელემენტარულ პირობებს. ამ საცხოვრებელი ფართების დარეგისტრირება თბილისის 10 000-მდე მოქალაქეს შეეძლება.

კომენტარები