ქართული ოცნება

მდინარაძე: 10 000-მდე მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება, დარღვევებით აშენებული შენობები დაიკანონოს

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის თქმით, ქართული ოცნების ოფისში გამართულ უმრავლესობის სხდომაზე, საუბარი შეეხებოდა თბილისში სამშენებლო ამნისტიას. ამის შესახებ მან უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ თქვა. 

მდინარაძის განმარტებით, თბილისში, 10 000 - მდე მოქალაქეს, შესაძლებლობა ექნება, დაირეგისტრიროს საცხოვრებელი ფართები, რომლებიც გარკვეული დარღვევებით არის აშენებული, თუმცა ელემენტარულ პირობებს აკმაყოფილებს. 

"საუბარი შეეხებოდა თბილისში სამშენებლო ამნისტიას, რომელიც არის ძალიან პოზიტიური ამბავი თბილისელებისთვის, რადგან, 10 000-ობით ადამიანი ელოდებოდა ასეთ გადაწყვეტილებას. ჩვენ მერიასთან ერთად შევიმუშავეთ კანონპროექტი, რომლის ფარგლებშიც, ამნისტირებული იქნება ის შენობები, რომელიც თავის დროზე გარკვეული დარღვევებით აშენდა, მაგრამ აკმაყოფილებენ უსაფრთხოების ელემენტარულ პირობებს, ასევე ჯარიმების მოხსნაზეა საუბარი და ამ კანონპროექტის ამოქმედებიდან ათიათასობით მოქალაქეს თბილისში, რომლებიც ასეთ შენობებში ცხოვრობენ, ექნებათ შესაძლებლობა, რომ უკვე დაირეგისტრირონ თავიანთი საცხოვრებელი სახლები, კანონიერად იქნან აბონენტებად აყვანილი და ა.შ". - ამბობს მდინარაძე. 

კომენტარები