ილონ მასკი

ილონ მასკი ჰაკერული დაჯგუფების, ANONYMOUS-ის მუქარის სამიზნე გახდა [VIDEO]

კომპანია Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი მსოფლიოს უდიდესი ჰაკერული დაჯგუფების, Anonymous-ის მუქარის სამიზნე გახდა

დაჯგუფების ოფიციალურ გვერდებზე გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში ორგანიზაციის ანონიმურმა წარმომადგენელმა ილონ მასკს "მდიდარი ნარცისი" უწოდა. 

ჰაქტივისტების კრიტიკის საგანი ილონ მასკის ტვიტების არასერიოზულობა და კრიპტომარკეტის მანიპულაცია გახდა.

შეგახსენებთ, რომ 1.5 მილიარდი დოლარის ბიტკოინის შეძენის შემდეგ მასკმა კრიპტოვალუტის მიმართ დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა და მაღალი ენერგომოხმარების გამო ბიტკოინის კრიტიკაზე გადაერთო, კერძოდ, მიმებით, ტვიტებითა და არასერიოზული განცხადებებით

გარდა ამისა, მასკი განაგრძობს ე.წ. მიმკოინის, Dogecoin-ის მხარდაჭერას. კრიპტოვალუტისა, რომელსაც არ აქვს არავითარი დანიშნულება და ტექნიკური საფუძველი. 

მასკის ტვიტების გამო, ბიტკოინისა და მისი რჩეული Dogecoin-ის ფასებიც მკვეთრად დაეცა.

"როგორც ჩანს, შენმა თამაშებმა და კრიპტომარკეტით გართობამ ბევრი ადამიანის ცხოვრება დაანგრია, შენ მათი ოცნებები გაანადგურე. 

შენი მილიონიანი სახლიდან ისევ განაგრძობ მათ მიმებითა და ტვიტებით დაცინვას. 

შეიძლება ფიქრობდე, რომ ოთახში ყველაზე ჭკვიანი ადამიანი ხარ, თუმცა ახალ შენს შესაფერის ოპონენტს შეხვდი. 

ჩვენ ანონიმუსი ვართ! ჩვენ ლეგიონი ვართ. გველოდე". –  ნათქვამია ვიდეო მიმართვაში.  

ანონიმუსი [Anonymous] დეცენტრალიზებული საერთაშორისო გაერთიანებაა, რომელშიც ჰაკერები, აქტივისტები და ჟურნალისტები ერთიანდებიან. 

ანონიმუსის თავდასხმის სამიზნეებს შორის ყოფილა: აშშ, გაერთიანებული სამეფო, ესპანეთი, ინდოეთი, თურქეთი, ავსტრალია, ისრაელი, უგანდა, ტუნისია, ისლამური სახელმწიფო, PayPal, MasterCard, Visa, Sony, ათასობით სახელმწიფო თანამდებობის პირი და ბიზნესმენი, ინვესტორი, ცნობილი სახე და სხვა. 


კომპანია Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის ქონება 2021 წელს თითქმის 9.1 მილიარდი დოლარით შემცირდა, რის გამოც, მან მსოფლიოს რიგით მეორე უმდიდრესი ადამიანის სტატუსი დაკარგა.

ექსპერტების შეფასებით, Tesla-ს აქციების ვარდნის ერთ-ერთი მიზეზი მასკის ბიტკოინისადმი დამოკიდებულების მკვეთრი ცვლილება და ხუმრობის სახით შექმნილი ე.წ. მიმკოინის, Dogecoin-ის მხარდაჭერაა, რასაც ინვესტორების დიდი ნაწილი ნეგატიურად აფასებს. 

მასკი მიზნად ისახავს, Dogecoin-ი გლობალურ ვალუტად აქციოს, თუმცა თავადვე აღნიშნა, რომ, ამჟამინდელი მდგომარეობით, მიმკოინი ამ მიზანს ვერ შეასრულებს და მისი 100-ჯერ ასწრაფება და გაიაფებაა საჭირო, რაც დიდი ტექნიკურ გამოწვევას წარმოადგენს. 

მასკის ნეგატიურ ტვიტებს ბიტკოინის ენერგომოხმარების შესახებ კრიპტოვალუტის ფასის შემცირება მოჰყვა. 


The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, აშშ-ის საქმიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების მარეგულირებელმა კომისიამ [SEC] კომპანია Tesla-ს არაერთხელ მიმართა საჩივრით, სადაც ნათქვამი იყო, რომ აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი არღვევდა 2018 წლის სასამართლო ბრძანებას ტვიტებისა და განცხადებების მეთვალყურეობისა და კონტროლის შესახებ.

შიდა მიმოწერებიდან ირკვევა, რომ მარეგულირებელი ორგანო მასკს თაღლითობასა და ბაზრის მანიპულირებაში ადანაშაულებს, რის გამოც, ის 2018 წელს ერთხელ უკვე დააჯარიმეს. 

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს სასამართლომ მარეგულირებელი ორგანოს საჩივარი დააკმაყოფილა და კომპანია Tesla გაამტყუნა. 

აშშ-ის კანონმდებლობით, კომპანიის წარმომადგენლების მიერ ცრუ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელება აკრძალულია.

WSJ-ის ცნობით, მასკი სასამართლოს გადაწყვეტილებას არღვევს და ტვიტებს Tesla-ს ნებართვის გარეშე ავრცელებს, რასაც კომპანიის წარმომადგენლობა იმით ამართლებს, რომ ეს ტვიტები მხოლოდ მასკის პირადი აზრებია და სერიოზულად არ უნდა იყოს აღქმული. 

ბაზრის მანიპულირებაში მასკს არაერთი ინვესტორი ადანაშაულებს. მის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება კი განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც მან ბიტკოინის კრიტიკა და ე.წ. მიმკოინის, Dogecoin-ის მხარდაჭერა დაიწყო.

კომენტარები