აბასთუმანი

აბასთუმანში დაკარგული 7 ახალგაზრდა იპოვეს – მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებმა აბასთუმანში დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

"ტურისტული ჯგუფის ადგილსამყოფლის დასადგენად საძიებო-სამაშველო ღონისძიებები აბასთუმნის ტყის ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებმა დაიწყეს. ოპერაციის ფარგლებში, მაშველებმა დაათვალიერეს ობსერვატორიის, ნასაბაჯვარის მთის, წყალსადენის და ზეკარის უღელტეხილის ტერიტორიები. უწყვეტი სამაშველო-საძიებო ოპერაციის შედეგად, ტურისტული ჯგუფი ნაპოვნია უვნებლად. ამ დროისთვის მიმდინარეობს მათი ჩამოყვანა უსაფრთხო ადგილას. არც ერთი მათგანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

საძიებო-სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო 50-მდე მეხანძრე-მაშველი შესაბამისი აღჭურვილობით. ასევე, პროცესში მონაწილეობას იღებდნენ დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერთა ჯგუფი და პოლიციის შესაბამისი დანაყოფები". - წერია განცხადებაში. 

7 ადამიანი აბასთუმნის ტყეში სალაშქროდ წავიდა. ისინი უკან 4 ივნისს უნდა დაბრუნებულიყვნენ. მათ მეხანძრე-მაშველები 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ. 

კომენტარები