აშშ

მოსახლეობის 41.2%-ის სრულად აცრის ფონზე აშშ-ში უმუშევრობა 5.8%-მდე შემცირდა

ჯო ბაიდენი

აშშ-ის ეკონომიკას გასულ თვეში 559 000 სამუშაო ადგილი დაემატა და უმუშევრობა 6.1%-დან 5.8%-მდე შემცირდა, რაც პანდემიის პერიოდში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ეს იმის ფონზე, რომ აშშ-ში მოსახლეობის 41.2%-ი უკვე სრულად ვაქცინირებულია და დღეში საშუალოდ მილიონი დოზა ვაქცინა კეთდება.

თუმცა, ეკონომისტები გასულ თვეში კიდევ უფრო მეტ რიცხვს პროგნოზირებდნენ, კერძოდ, 670 000 ახალი სამუშაოს დამატებას. ამის მიუხედავად, მაისში სამუშაოს რაოდენობა უფრო სწრაფად გაიზარდა, ვიდრე გასულ თვეს, აპრილში.

ამ ზრდის 2/3 მოდის საკვებ და სასმელ ობიექტებზე. ჯამში, დასვენების და გართობის სექტორს 292 000 ახალი სამუშაო დაემატა. გარდა ამისა, შემცირდა პანდემიით გამოწვეული უმუშევრობის მაჩვენებელიც - იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც სამუშაოს დაკარგვას პანდემიას უკავშირებდნენ, 1.5 მილიონით შემცირდა. 

ამასთან ერთად გაიზარდა საშუალო ხელფასების ოდენობა - საათობრივი ანაზღაურება გასულ წელთან შედარებით 2%-ით არის გაზრდილი.

კლების მიუხედავად, 5.8%-იანი უმუშევრობა ამერიკისთვის მაინც მაღალია, იმის გათვალისწინებით, რომ პანდემიის დაწყებამდე ეს რიცხვი შეადგენდა 3.5%-ს. ეს დაეხმარება ბაიდენს, რომ შეძლოს ტრილიონდოლარიანი გეგმის დამტკიცება, რაც კორპორაციული გადასახადის 21%-იდან 28%-მდე გაზრდას გულისხმობს. 

კომენტარები