აშშ

ბაიდენმა აშშ-ს ინფრასტრუქტურის განვითარების $2.3 ტრილიონიანი გეგმა წარადგინა

ჯო ბაიდენი

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აშშ-ს ინფრასტრუქტურის განვითარების   2.3 ტრილიონდოლარიანი 8-წლიანი გეგმა წარადგინა. პრეზიდენტის თანახმად, ეს იქნება იშვიათი ინვესტიცია ამერიკაში.

"ეს [გეგმა] არის იშვიათი ინვესტიცია ამერიკაში, ათწლეულების წინ შტატთაშორისი მაგისტრალის სისტემის აშენებისა და კოსმოსური რბოლის შემდეგ მსგავსი არაფერი გვინახავს. რეალურად, ეს არის ყველაზე დიდი ინვესტიცია ამერიკულ სამუშაო ადგილებში მეორე მსოფლიოს შემდეგ. შეიქმნება მილიონობით კარგად ანაზღაურებადი სამუშაო ადგილი" - თქვა ბაიდენმა ქალაქ პიტსბურგში სიტყვით გამოსვლის დროს.

თეთრი სახლის წარმომადგენლების თანახმად, დანახარჯების საშუალებით შეიქმნება სამუშაო ადგილები და პარალელურად ქვეყანა შეამცირებს ნამარხი საწვავის გამოყენებასა და იმუშავებს კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ პრობლემებთან გამკლავებაზე. გარდა ამისა, ახალი გეგმის მიზანია, კონკურენცია გაუწიოს ჩინეთის, მსოფლიოში მეორე ეკონომიკის, მიერ ტექნოლოგიებსა და საჯარო სექტორში ჩადებულ ინვესტიციებს.  

"დარწმუნებული ვარ, რომ, თუ ახლა ვიმოქმედებთ, 50 წლის შემდეგ ადამიანები ისტორიას გადახედავენ და იტყვიან, რომ ეს იყო მომენტი, როცა ამერიკამ მომავალი მოიგო" - თქვა ბაიდენმა.

ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებისთვის კორპორაციული გადასახადების გაზრდა იგეგმება. ბაიდენს სურს, კორპორაციული გადასახადი 21%-იდან 28%-მდე გაზარდოს. ეს გარკვეულწილად გააბათილებს გადასახადების იმ შემსუბუქების პროგრამას, რომელიც 2017 წელს დამტკიცდა. 

თეთრი სახლის თანახმად, გადასახადების გაზრდა მომავალი 15 წლის ხარჯებს აანაზღაურებს.

"ამერიკის უმდიდრესი 500 კომპანიაა, მათ შორის ამაზონი, არ იხდის არც ერთ პენის კორპორაციულ გადასახადში" - თქვა ბაიდენმა.

ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმის გარდა, ბაიდენი გეგმავს კიდევ ერთი მსგავსი სიდიდის საინვესტიციო გეგმა წარადგინოს, რომელიც სოციალურ პროგრამებზე იქნება ორიენტირებული. თითქმის 2-ტრილიონიანი პაკეტისთვის თანხის მოძიება მდიდარი ადამიანებისა და ოჯახებისთვის გადასახადების გაზრდით იგეგმება.

"ეს ქვეყანა უოლსტრიტს არ აუშენებია. თქვენ, საშუალო კლასმა, ააშენეთ ეს ქვეყანა, ხოლო პროფკავშირებმა ააშენეს საშუალო კლასი" - თქვა ბაიდენმა.

ბაიდენის გეგმამ, ინფრასტრუქტურული პროექტები გადასახადების გაზრდის ხარჯზე დააფინანსოს, სავარაუდოდ, ბიზნესსაზოგადოების დიდ წინააღმდეგობას გამოიწვევს და რესპუბლიკელ კანონმდებლებთან მუშაობის პროცესს გაართულებს. ბაიდენს იმედი აქვს, რომ ინფრასტრუქტურული ცვლილებების გეგმა ზაფხულამდე დამტკიცდება, რაც ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, პროექტის დასამტკიცებლად პრეზიდენტს მოუწევს წარმომადგენელთა პალატასა და სენატში დემოკრატების მცირე უმრავლეოსობას დაეყრდნოს.

თეთრი სახლის ცნობით, საინვესტიციო პაკეტის უდიდესი ნაწილი, 621 მილიონი დოლარი, გზებს, ხიდებს, საჯარო ტრანსპორტს, ელექტრომანქანების სადგურების და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას მოხმარდება. $111 მილიონის დახარჯვა იგეგმება ტყვიისგან დამზადებული წყლის მილების შეცვლასა და კანალიზაციის სისტემის განახლებაზე. $100 მილიონი ინტერნეტის სისტემის ინფრასტრუქტურისთვისაა გათვალისწინებული. პროექტის ფარგლებში იგეგმება სახლებისა, სკოლების, საავადმყოფოების მოდერნიზება და მუშების გადამზადება.

გადასახადებისთვის თავის აცილების მიზნით ბიზნესის საზღვარგარეთ გატანის თავიდან ასარიდებლად იგეგმება 21%-იანი გლობალური გადასახადის შემოღება. გარდა ამისა, იგეგმება საგადასახადო კოდექსის განახლება, რათა ამერიკული კომპანიები არ გაერთიანდნენ უცხოურ ბიზნესებთან და ამით აირიდონ გადასახადები. 

ბაიდენმა რესპუბლიკელებსა და ბიზნესსაზოგადოებას კანონპროექტის განხილვაში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა.

"რესპუბლიკელებს ოვალურ ოფისში მოვიწვევ, მოვუსმენ, რა აქვთ სათქმელი და ღია ვარ სხვა იდეებისთვის. მოლაპარაკებების გვჯერა." - თქვა ბაიდენმა.

დემოკრატი ლიდერები ბაიდენს აქტიურად უჭერენ მხარს, თუმცა ახალმა გეგმამ რესპუბლიკელების მწვავე კრიტიკა გამოიწვია. რესპუბლიკელებმა გეგმას "სტაგნაციის რეცეპტი" უწოდეს.

"როგორც ჩანს, პრეზიდენტ ბაიდენს დიდი მადა აქვს, დახარჯოს ფული და გაუზარდოს ადამიანებს გადასახადები." - თქვა ლუიზიანელმა კონგრესმენმა სტივ სკალიზმა

სენატის რესპუბლიკური უმცირესობის ლიდერმა მიტჩ მაკოონელის შეფასებით, ბაიდენის გეგმა არაფერია, თუ არა გადასახადების გაზრდის "ტროას ცხენი".

სავაჭრო პალატის აღმასრულებელმა ვიცეპრეზიდენტმა ნილ ბრედლიმ თქვა, რომ ბიზნესსაზოგადოება მხარს უჭერს ინფრასტრუქტურის განახლებას, მაგრამ არ მოსწონს გადასახადების გაზრდა.

"მივესალმებით ბაიდენის ადამინისტრაციის გადაწყვეტილებას, აქციოს ინფრასტრუქტურა მთავარ პრიორიტეტად.თუმცა, გვჯერა, რომ გეგმა სახიფათოდ ცდება, როცა საქმე ეხება იმას, თუ როგორ უნდა მოხდეს ინფრასტრუქტურის დაფინანსება" - ნათქვამია ბრედლის განცხადებაში.

ბაიდენის გეგმა გააკრიტიკა დონალდ ტრამპმაც. მისი შეფასებით, ეს ეკონომიკისთვის მიყენებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჭრილობა იქნება.

ბაიდენის ახალ შემოთავაზებამდე რამდენიმე კვირით ადრე კონგრესმა კოვიდპანდემიისგან მიყენებული ზარალის შესამსუბუქებლად $1.9-ტრილიონიანი დახმარების პაკეტი დაამტკიცა. დახმარების პროექტს მხარი რესპუბლიკელებმა არ დაუჭირეს და ის დემოკრატების მცირე უმრავლესობით დამტკიცდა. მოსალოდნელია, რომ რესპუბლიკელები მხარს არც ინფრასტრუქტურის დაფინანსების პროექტს დაუჭერენ.

კომენტარები