ამერიკელი სენატორების ვიზიტი

შაჰინი: რუსეთი ცდილობს დააშინოს ქვეყნები, რომლებმაც აირჩიეს ევროატლანტიკური გზა

სენატორ ჯინ შაჰინის თქმით, კონგრესის დელეგაცია საქართველოში  აშშ-ს ორპარტიული მხარდაჭერის გამოსახატად ჩამოვიდა. სენატორმა ისაუბრა აღმოსავლეთ ევროპაში შექმნილ მდგომარეობაზე, ბელარუსში ჟურნალისტის და აქტივისტის დასაკავებლად თვითმფრინავის იძულებით დაშვების შემდეგ შექმნილ ვითარებასა და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტსა და ყირიმის ანექსიაზე. შაჰინი აღნიშნავს, რომ რუსეთის ქმედებები ამ ქვეყნებში ძალიან ჰგავს იმას, რაც სენატორებმა საოკუპაციო ხაზზე იხილეს.

"ნათელია, რომ რუსეთი ცდილობს, დააშინოს ამ რეგიონში ის ქვეყნები, რომლებმაც აირჩიეს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და დასავლეთის გზა, რადგან უკეთეს ცხოვრებას ხედავენ, ვიდრე რუსეთს შეუძლია, მათ შესთავაზოს. სწორედ ამიტომ ვართ აქ, რომ გვინდა, მხარი დავუჭიროთ ამ ძალისხმევას და დავრწმუნდეთ, რომ გააგრძელებთ რეფორმებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის, იმისთვის, რომ მეტი შესაძლებლობა შეიქმნას საქართველოს მოქალაქეებისთვის. აშშ არის საქართველოს მტკიცე პარტნიორი და ჩვენ აქ ვართ, რომ დაგიჭიროთ მხარი და დაგეხმაროთ ამ ძალისხმევაში."

აშშ-ს კონგრესის დელეგაცია სენატორ ჯინ შაჰინის და ხელმძღვანელობითა და სენატორ რობ პორტმანის მონაწილეობით საქართველოში დღეს, 3 ივნისს ჩამოვიდა. სენატორებმა შეხვედრები გამართეს პრეზიდენტთან, პრემიერმინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ასევე იგეგმება შეხვედრა ოპოზიციასთან.

ჯინ შაჰინი ნიუ-ჰემფშირის შტატის დემოკრატი სენატორია, ხოლო რობ პორტმანი – ვისკონსინის შტატის რესპუბლიკელი სენატორი. შაჰინი და პორტმანი აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები არიან.

კომენტარები