ნინოწმინდის ბავშვთა სახლი

მეუფე ნიკოლოზი პანსიონზე: როგორ შეიძლება ჰიპოთეტურ გაუპატიურებაზე ლაპარაკი?

მეუფე ნიკოლოზი
რუსთავი 2

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზის თქმით, როცა საუბარია ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში შესაძლო გაუპატიურების ფაქტებზე, ამით იქ მყოფი ბავშვების უფლებები ილახება, რადგან ამაზე საუბარი დაღს დაასვამს იქ მყოფ ბავშვებს, რომლებიც გარკვეული დროის შემდეგ ამ დაწესებულებას დატოვებენ. ამის შესახებ მიტროპოლიტმა რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა. 

"მე მაინტერესებს, რას ფიქრობს ომბუდსმენი, ეს არ არის ბავშვთა უფლებების დარღვევა? როდესაც შესაძლო გაუპატიურებაზე ვსაუბრობთ, ყველა ბავშვი ვინც იქიდან გამოვა, დაღდასმული იქნება, რომ შესაძლო გაუპატიურების მცდელობის დაწესებულებაში იზრდებოდა. ამ ბავშვებს არ უნდა გავუფრთხილდეთ?

თუკი 2016 წლიდან თუ ეჭვია, რომ ამ პანსიონში ვინმე გააუპატიურეს, 2021 წლამდე ამისთანა რა გამოძიება მიმდინარეობს. დაადგინონ, დაადონ დამნაშავეს ხელი და დასაჯონ, რაც სახელმწიფო პირდაპირი ვალდებულებაა".- ამბობს მეუფე ნიკოლოზი. 

მისივე თქმით, შესაძლო გაუპატიურების ფაქტებზე დღეს შეიტყო. ის მედიის მუშაობით უკმაყოფილებას გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ სათაურებში სიტყვა "შესაძლო" ამოვარდა და "პირდაპირ გაუპატიურებაზე მიდის ლაპარაკი".

"გესმით რაზეა ლაპარაკი? შესაძლო გაუპატიურება, რა სიტყვებს ვხმარობთ, კიდევ ვინ ვინ გააუპატიურა და როცა ასეთ სიტყვებს ლაპარაკობენ, არ უნდა აგოს სახალხო დამცველმა პასუხი ამაზე? როგორ შეიძლება შესაძლო, ჰიპოთეტურ გაუპატიურებაზე ლაპარაკი? გამოძიებას დაველოდოთ, თუ ეს დამტკიცდა და დასაბუთდა, მე ვიქნები პირველი... ოღონდ ეს არ არის საზოგადოებაში გასატანი სწორი ფორმა".- ამბობს მიტროპოლიტი. 


1-ელ ივნისს ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ პანსიონთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიებები მხოლოდ ძალადობრივ დანაშაულებს არ ეხება  და ასაუბარი უფრო მძიმე დანაშაულებზეც არის. 

დღეს, 2 ივნისს სახალხო დამცველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ  ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით გამოძიება სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზეც არის დაწყებული.

1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს, მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართა - "რა ხდება ნინოწმინდის პანსიონატში?" აქციის მონაწილეებმა  ნინოწმინდის ბავშვთა სახლში სახალხო დამცველის შესვლის მოთხოვნით პეტიციაც შექმნეს

19 მაისს სახალხო დამცველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგის შესაძლებლობა, გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, კვლავ არ მიეცათ. განცხადების მიხედვით, დაწესებულების წარმომადგენლებმა გასაუბრება არ ისურვეს და ამის მიზეზად ხელმძღვანელის მითითება დაასახელეს. 

მანამდე, ომბუდსმენის რწმუნებულებს მონიტორინგის ჩატარების უფლება 15 აპრილს არ მისცეს და მიზეზად თავდაპირველადაც მეუფე სპირიდონის მითითებას ასახელებდნენ. საპასუხოდ, გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან მიმართებით დროებითი ღონისძიება გამოსცა. კერძოდ, კომიტეტის მოწოდებით, სახელმწიფო ვალდებულებაა, დაუყოვნებლივ უზრუნველყო შესაბამისიუფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება. გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მიმართვის საფუძველზე გამოსცა. 

კომენტარები