ირანი

ირანის ფლოტის უდიდეს გემზე ხანძარი გაჩნდა და ომანის ყურეში ჩაიძირა

გემი ხარგი, 2020 წელი

ირანის სამხედრო ფლოტის უდიდესი ხომალდი ხარგი  ომანის ყურეში ხანძრის გაჩენის შემდეგ ჩაიძირა.  

მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდნენ, მაგრამ ვერ შეძლეს. ირანის მედიის მიხედვით, ეკიპაჟის წევრები გადარჩნენ.

გემი ჯასკის პორტიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, ჰორმუზის სრუტესთან ახლოს ჩაიძირა. 

ხარგი ბრიტანეთში აწყობილი გემი იყო და ირანის საზღვაო ძალებში 1983 წლიდან მსახურობდა. მას ძირითადად მოიხსენიებდნენ, როგორც სავარჯიშო გემს.

ირანის მთავრობა მიზეზებსა და გარემოებებს არ ასახელებს. გამოცემა The Washington Post-ის თქმით, აღსანიშნავია, რომ შემთხვევა მოჰყვა ომანის ყურეში გემების საეჭვო აფეთქებების სერიებს, რაც 2019 წლიდან დაიწყო. მოვლენებში აშშ-ს საზღვაო ძალებმა ირანი დაადანაშაულა და ამბობდნენ, რომ ირანი მყვინთავების მეშვეობით გემებს პატარა ნაღმებს აკრავდა. ირანმა ბრალდებები უარყო.

ასევე, თებერვალში მოხდა რამდენიმე გაურკვეველი თავდასხმა ორი მოწინააღმდეგის, ისრაელისა და ირანის გემებზე. ორივე მხარე მოვლენებში ერთმანეთს ადანაშაულებდა. 

ეს ირანის სამხედრო ფლოტში პირველი უბედური შემთხვევა არაა. 2020 წელს სამხედრო ვარჯიშებზე ირანულმა გემმა შემთხვევით საკუთარი ფლოტის სხვა ხომალდი ჩაძირა, რასაც 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ასევე, 2018 წელს ირანული საზღვაო გამანადგურებელი კასპიის ზღვაში ჩაიძირა.

კომენტარები