სტამბოლის არხი

ერდოღანი: მონტროს კონვენცია სტამბოლის საზღვაო არხს არ შეეხება

ბოსფორის არხი
Daily Sabah

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, სტამბოლის არხს, რომელზეც მუშაობის დაწყებას თურქეთი ზაფხულიდან აპირებს, მონტროს კონვენცია არ შეეხება.

"სტამბოლის არხი, რომელსაც მონტროს კონვენციასთან შეხება არ ექნება, თურქეთს დიდ კომფორტსა და მშვიდობას მოუტანს". - თქვა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში, საპრეზიდენტო ეროვნულ ბიბლიოთეკაში. 

კონვენცია 1936 წელს გაფორმდა და ის თურქეთს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების კონტროლის საშუალებას აძლევს. კონვენცია უზრუნველყოფს მშვიდობიან პერიოდში სამოქალაქო გემების თავისუფალ გადაადგილებას. ასევე, მის ფარგლებში, იმ ქვეყნების სამხედრო ხომალდებს, რომლებიც შავიზღვისპირეთის სახელმწიფოებს არ წარმოადგენენ, ეზღუდებათ შავი ზღვის წყლებში გაჩერების პერიოდი. ასევე, ამ კონვენციით შეზღუდულია სავაჭრო გემების გადასაზიდი ტვირთის წონა და სამხედრო ხომალდებისა და შეიარაღების რაოდენობა. 

თურქეთისთვის სტამბოლის არხის გაყვანის ოფიციალური მიზანი ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებზე სავაჭრო გემების დატვირთვის შემცირებაა. მეორე მხრივ, თუკი ამ არხს მონტროს კონვენცია არ შეეხება, თურქეთს შეეძლება შავ ზღვაში არაშავიზღვისპირეთის ქვეყნების სამხედრო ხომალდების დაშვებაზე სუვერენიტეტი მოიპოვოს, რადგან მათი რაოდენობა, შეიარაღება და გაჩერების ვადა ხელშეკრულებით შეზღუდული აღარ იქნება. 

სტამბოლის არხის გაყვანას აკრიტიკებდნენ ყოფილი სამხედროები. მათი მთავარი შიში სწორედ ის იყო, რომ ამ გეგმით მონტროს კონვენცია დაირღვეოდა. რამდენიმე კვირის წინ 100-ზე მეტმა ყოფილმა მაღალი რანგის ოფიცერმა ხელი მოაწერა საჯარო განცხადებას, რომელიც აკრიტიკებდა მთავრობის გადაწყვეტილებას სტამბოლის არხის შენების შესახებ. ამის შემდეგ თურქეთის მთავრობამ 10 ხელმომწერი დააკავა. მათ ისინი დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების საქმეების ჩარევაში დაადანაშაულეს და ასევე, დააკავშირეს 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან. 

გასულ თვეში თურქეთის პარლამენტის სპიკერმა თქვა, რომ მონტროს კონვენციის დატოვება არც კი განიხილება.

ოფიციალურ პირთა თქმით, კონვენცია სტამბოლის არხზე არ გავრცელდება.

არხის ტენდერი მალე ჩატარდება და მუშაობა, გეგმების მიხედვით, ზაფხულში დაიწყება.

რადგან სტამბოლის არხზე მონტროს კონვენცია არ გავრცელდება, ამან, შესაძლოა, შავიზღვისპირეთის გეოპოლიტიკა აბსოლუტურად შეცვალოს. ამ არხის გავლით აშშ-სა და NATO-ს გემებს მეტი რაოდენობით, ხანგრძლივობითა და შეიარაღებით შემოსვლა შეეძლებათ. 

კომენტარები