შუქრუთი

ჭიათურის პროტესტის მონაწილე მაღაროელების განაჩენები გამოცხადდა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ჭიათურის პროტესტის მონაწილე მაღაროელების განაჩენები გამოცხადდა.

გიორგი ნეფარიძესა და მერაბ სარალიძეს 6 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. მათ ბრალად ედებოდათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა.

არჩილ ჭუმბურიძეს და თენგიზ გველესიანს კი 4 წელი და 3 თვე მიესაჯათ. ისინი დამნაშავედ ცნეს ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში.

გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მაზანაშვილმა მიიღო.

აღნიშნულის შესახებ განცხადება გაავრცელა საქართველოს პროკურატურამ.

"ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჭიათურაში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე 4 პირი დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტში მდებარე მაღაროებში წარმოებული საქმიანობის გამო, 2025 წლის 28 აპრილს ორმა ბრალდებულმა ორგანიზება გაუწია ერთ-ერთი მაღაროს დირექტორზე ჯგუფურ თავდასხმას, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევისაში ავტომანქანით გადაადგილებისას, ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით, სხვა პირებთან ერთად ავტომანქანებით გზა გადაუკეტეს. ბრალდებულები სხვა პირებთან ერთად თავს დაესხნენ დაზარალებულს და განახორციელეს მასზე ფიზიკური ძალადობა, რის შედეგადაც დაზარალებულმა მიიღო ყვრიმალის ძვლის ფრაგმენტული მოტეხილობა და სხვადასხვა დაზიანებები. თავდასხმისას ასევე დაზიანდა მისი კუთვნილი ავტომანქანა." - ნათქვამია უწყების განცხადებაში.


2025 წლის 29 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით 4 პირი დააკავეს. მათი თქმით, ბრალდებულები ჭიათურის მუნიციპალიტეტში, შუქრუთის მაღაროს დირექტორს, 1982 წელს დაბადებულ თ.კ.-ს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს.

კომენტარები