ირანი

ირანში ჯაშუშობაში ბრალდებულ საფრანგეთის მოქალაქეს სიკვდილით დასჯა ემუქრება

ბენჯამინ ბრიერი
AFP

საფრანგეთის მოქალაქეს, რომელიც ირანში დააპატიმრეს, ჯაშუშობისთვის გაასამართლებენ. 1985 წელს დაბადებული ბეჟამენ ბრიერი 2020 წელის მაისში დააპატიმრეს და აკრძალული ზონისთვის დრონით სურათების გადაღებაში დაადანაშაულეს.

ჯაშუშობისთვის ირანში უმაღლესი სასჯელი სიკვდილია. ბრიერის ასევე "სისტემის წინააღმდეგ პროპაგანდისთვის" წაუყენეს ბრალდება, რაც სამი თვიდან ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ბრიერისთვის ბრალის წაყენებამდე რამდენიმე დღით ადრე, მისმა დამ ბლანდინ ბრიერიმ საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ღია წერილით მიმართა და დახმარება სთხოვა. წერილი ყოველკვირეულ ფრანგულ გამოცემაში Le Point-ში გამოქვეყნდა.

ბლანდინ ბრიერის თანახმად, მისი ძმისთვის წაყენებული ბრალდება უსაფუძვლოა და მას მოლაპარაკებებისთვის იყენებენ.

მარტში საფრანგეთის საგარეო სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა, რომ ბენჟამენ ბრიერი კონსულის მხარდაჭერით სარგებლობდა და საფრანგეთის საელჩოს მასთან რეგულარული კონტაქტი ჰქონდა.

ირანში უცხოელების დაკავების შემთხვევები 2018 წლის შემდეგ გახშირდა, მას შემდეგ, რაც აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინიციატივით აშშ-მ ბირთვული შეთანხმება დატოვა და ირანს სანქციები დაუწესა.დაკავებულებს უმეტეს შემთხვევაში ჯაშუშობაში ადანაშაულებენ.

შეთანხმებაში დასაბრუნებელი გზების მოსაძებნად მოლაპარაკებები ვენაში აპრილში დაიწყო. მოლაპარაკებების მიზანია,  ირანი და აშშ შეთანხმებას დაუბრუნდნენ, ირანმა დაიწყოს შეთანხმების პირობების შესრულება და აშშ-მ მოხსნას ირანისთვის დაწესებული სანქციები.

ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებების დროს ირანულმა მხარემ აღნიშნა, რომ მზადაა, პატიმრების გაცვლის შესაძლებლობა განიხილოს. ბოლო ორი წლის მანძილზე, ირანმა რამდენიმე უცხოელი პატიმარი გაცვლა საზღვარგარეთ დაკავებულ ირანელ მოქალაქეებში.

კომენტარები