საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

TI: ოცნების შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 158 მლნ-ის ტენდერები მოიგეს

transparency.ge

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ ქართული პოლიტიკური პარტიების 2020 წლის დაფინანსების შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, პარტიების მიერ, როგორც ჯამურად მიღებული შემოსავლების, ისე გაწეული ხარჯების თითქმის ნახევარი მმართველ პარტიაზე მოდიოდა, რაც პარტიებს შორის ფინანსების უკიდურესად არათანაბარ გადანაწილებაზე მიუთითებს.

2020 წელს კვლევის ფარგლებში შესწავლილმა 8 პოლიტიკურმა სუბიექტმა მთლიანობაში  60 221 705 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო, რომლის თითქმის ნახევარი (48.4%) - 29 166 087 ლარი მმართველ პარტიაზე ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო მოდიოდა. 8 037 276 ლარით მეორე ადგილზე ბლოკი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იყო, ხოლო მესამეზე – ლელო საქართველოსთვის 8 036 077 ლარით;

როგორც ანგარიშიდან ირკვევა, მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2020 წელს დაახლოებით 158 მლნ ლარის ღირებულების ტენდერები მოიგეს და ამ შემომწირველებმა იმავე პერიოდში 1.6 მლნ ლარი გაიღეს ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს სასარგებლოდ.

  • აღსანიშნავია შპს "გ&კ ტექნოლოგი", რომელმაც წლის განმავლობაში 17.2 მლნ ლარის ტენდერები მოიგო, მისმა მფლობელმა რომან აბრამიშვილმა კი თებერვალში ქართულ ოცნებას 60 000 ლარი შესწირა.

  • მსგავს ფაქტს ჰქონდა ადგილი შპს "ელ ჯორჯიას" შემთხვევაშიც. 2020 წლის სექტემბერ-ოქტომბერში კომპანიის მფლობელმა, ტარიელ გიორგაძემ და დირექტორმა, დიმიტრი კუპატაძემ მმართველ პარტიას მთლიანობაში 101 000 ლარი შესწირეს. იმავე წლის სექტემბერ-დეკემბერში შპს "ელ ჯორჯიამ" ჯამში 26.4 მლნ ღირებულების ოთხი მსხვილი ტენდერი მოიგო. მოგებული ტენდერებისა და განხორციელებული შემოწირულებების თარიღები ერთმანეთთან, ასევე, საკმაოდ ახლოს იყო შპს "ცეკურის", შპს "გრავიტას" და შპს "ჯი-თი ჯგუფის" შემთხვევებში.

  • კიდევ ერთი მსხვილი სახელმწიფო კონტრაქტორია შპს "ლ.და.კ", რომელმაც 2020 წელს 33.9 მლნ ლარის ტენდერები მოიგო, ხოლო მისმა მფლობელებმა მმართველი პარტიის ყულაბაში 22,000 ლარი შეიტანეს;

  • მმართველი პარტიის მსხვილ დამფინანსებლებს შორის იყვნენ შპს "პეის ჯორჯიას" მფლობელებიც. ეს კომპანია ფოთის პორტის გაფართოების პროექტს ახორციელებს. 2020 წელს ფოთის პორტის გაფართოების მიწათსარგებლობის ნებართვის მიღებიდან სამ თვეში კომპანიის მეწილეებმა - ირაკლი და თეიმურაზ კერვალიშვილებმა, ლაურა ლარიონმა და ირაკლი თათეიშვილმა ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს ჯამში 200,000 ლარი შესწირეს. სხვადასხვა წელს ამ პირებს სულ 670,000 ლარის პოლიტიკური შემოწირულება აქვთ განხორციელებული.

რაც შეეხება გაწეულ ხარჯებს, საერთო ჯამში, პარტიებმა 60 მლნ-მდე დახარჯეს და აქაც მმართველი პარტია ლიდერობს. ყველაზე დიდი ოდენობით პარტიებმა რეკლამაზე დახარჯეს თანხა.

"კვლევის ფარგლებში შესწავლილმა 8 პოლიტიკურმა სუბიექტმა 2020 წელს სულ 60 267 443  ლარის ოდენობის ხარჯი გაწია, რომლის 49% - 29 817 933 ლარი მმართველ პარტიაზე მოდიოდა, 7 995 487  ლარის ხარჯით მეორე ადგილზე იყო ლელო საქართველოსთვის, მესამეზე კი - ბლოკ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში შემავალი პარტიები 7 818 767 ლარით.

პარტიებმა ყველაზე დიდი ხარჯები შემდეგ კატეგორიებზე გასწიეს: ა) რეკლამა, ბ) შრომის ანაზღაურება, გ) უძრავი და მოძრავი ქონების იჯარა, დ) ოფისის ხარჯები, ე) ყრილობების თუ სხვა ღონისძიებების ორგანიზების ხარჯები, ვ) სანოტარო, საკონსულტაციო, თარჯიმნის მომსახურების ხარჯები. 

სარეკლამო ხარჯებმა ჯამური ხარჯების არსებითი ნაწილი (59%) შეადგინა და მისმა ოდენობამ 32 მლნ ლარს გადააჭარბა.

მმართველმა პარტიამ რეკლამაზე 14 387 881 ლარი დახარჯა, რაც ყველა პარტიის სარეკლამო დანახარჯების 45% იყო. 5 177 163 ლარით მეორე ადგილზე იყო პარტია ლელო საქართველოსთვის, ხოლო მესამეზე - ბლოკ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში შემავალი პარტიები 4 453 857 ლარით.

აღსანიშნავია, რომ წილობრივად ყველაზე მეტი - მთლიანი წლიური შემოსავლის 92% (211 633 ლარი) - რეკლამაზე პარტიამ ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები დახარჯა, მეორეზე კი 76%-ით (2 473 162 ლარი) ბლოკ სტრატეგია აღმაშენებელში შემავალი პარტიები იყვნენ. შედარებისთვის, მმართველმა პარტიამ რეკლამაზე საკუთარი მთლიანი წლიური ხარჯების 48% გასწია", - წერია TI-ის ანგარიშში.

TI-ს რეკომენდაციები:

  • ვინაიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელთ არსებული უფლებამოსილებები არ არის საკმარისი პოლიტიკური კორუფციის სავარაუდო შემთხვევებისთვის, მათ შორის შემომწირველებსა და პარტიებს შორის კორუფციულ გარიგებებსა და უკანონო დაფინანსების სქემებზე ადეკვატური რეაგირებისთვის, სასურველია, შეიქმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო. ეს უწყება აღჭურვილი იქნება საგამოძიებო უფლებამოსილებებით და სხვა საკითხებთან ერთად, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხებსაც გაუწევს ზედამხედველობას;

  • სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფრო ეფექტიანად და ოპერატიულად უნდა რეაგირებდეს შესაბამის დარღვევებზე, მათ შორის იმ გამოვლენილ ხარვეზებზე, რომლებიც ამ ანგარიშში არის გამოკვეთილი;

  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს პოლიტიკური პარტიების შესაძლებლობების გაძლიერებას ფინანსური ანგარიშგებების შევსების კუთხით და შეიმუშაოს უფრო დეტალური და ყოვლისმომცველი ინსტრუქციები ერთგვაროვანი პრაქტიკის დასამკვიდრებლად.

 

კომენტარები