სირია

ბაშარ ალ-ასადმა სირიის არჩევნებში 95%-ით გაიმარჯვა, დასავლეთი არჩევნებს არ აღიარებს

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა არჩევნებში მეოთხედ გაიმარჯვა. სირიის ცნობების მიხედვით ასადმა ხმების 95.1% აიღო, მაგრამ მოწინააღმდეგეებისა და დასავლეთის თქმით, ეს არჩევნები გაყალბებული იყო და ისინი შედეგებს არ აღიარებენ.

ასადის მთავრობის თქმით, არჩევნებმა აჩვენა, რომ ათწლიანი ომის მიუხედავად, ქვეყანა კვლავ ნორმალურად ფუნქციონირებს.

სირიის პარლამენტის მეთაურის თქმით, ამომრჩეველთა აქტივობა 78% იყო და მონაწილეობა 14 მილიონზე მეტმა სირიელმა მიიღო. 

საფრანგეთის, გერმანიის, ბრიტანეთის, იტალიისა და აშშ-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა არჩევნებამდე თქვეს, რომ ეს პროცესი არც თავისუფალი იქნება და არც სამართლიანი. ასადის არჩევნებს უკანონო უწოდა თურქეთმაც. 

აღსანიშნავია, რომ რადიო თავისუფლების ცნობით, სირიის არჩევნებში დამკვირვებლებად მონაწილეობას იღებდა ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის დელეგაცია.

გამარჯვებით ასადი სირიის პრეზიდენტი კიდევ შვიდი თვის განმავლობაში იქნება, რაც მისი ოჯახის მმართველობას ექვს ათწლეულამდე გაზრდის. მისი მამა, ჰაფეზ ალ-ასადი სირიის მეთაური 30 წლის განმავლობაში იყო, იქამდე, ვიდრე 2000 წელს არ მოკვდა. 

ასადის მმართველობის დროს, 2011 წელს მის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციები ფართომასშტაბიან სამოქალაქო ომში გადაიზარდა, რომელშიც რამდენიმე მხარე იყო ჩართული. 

ასადის რეჟიმი ამჟამად სირიის დაახლოებით 70%-ს აკონტროლებს.

ასადების ოჯახის მმართველობის შესახებ ინფორმაციას გრძლად შეგიძლიათ გაეცნოთ აქ –ასადების სირია - როგორ ვითარდებოდა საუკუნის უდიდესი ჰუმანიტარული კატასტროფა.

 

კომენტარები