კორონავირუსი საქართველოში

NCDC: საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამის 5 შემთხვევა გამოვლინდა

iStock [illustration]

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი გამოვლინდა.

"კომპეტენციის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მუდმივად აწარმოებს ქვეყანაში მოცირკულირე SARS-CoV-2-ის შტამების გავრცელების მონიტორინგს. ეპიდზედამხედველობის ფარგლებში, ქვეყანაში შემოსულ 5 მოგზაურისგან აღებული ნიმუშის PCR კვლევებითა და სეკვენირებით დადგენილ იქნა, რომ აღნიშნული პირები ინფიცირებული იყვნენ SARS-CoV-2-ის ინდური შტამით.

ყველა ინფიცირებული იდენტიფიცირებული და იზოლირებულია. ისინი საქართველოში შემოვიდნენ სხვადასხვა დროს, ერთი და იმავე ქვეყნიდან, თუმცა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქენი არიან. სამმა მათგანმა უკვე დატოვა ქვეყნის ტერიტორია.

ეპიდკვლევების მონაცემებით მათი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია".- აღნიშნულია განცხადებაში. 

27 მაისის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 340 838 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 323 409 გამოჯანმრთელდა, 4 699 კი გარდაიცვალა.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 2,09%, ბოლო 14 დღის - 3.77%, ბოლო 7 დღის - 3.47%.

კომენტარები