საჰაერო მიმოსვლა

საქართველოსა და საბერძნეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 3 ივნისიდან განახლდება

მიმდინარე წლის 3 ივნისიდან საქართველოსა და საბერძნეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება. ათენი-თბილისი-ათენის საჰაერო ხაზზე ავიარეისებს ბერძნული ავიაკომპანია Aegean Airlines-ი შეასრულებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ოპერირება ორი ქვეყნის დედაქალაქს შორის თავდაპირველად კვირაში ერთხელ სიხშირით დაიწყება, ხოლო ზაფხულის სანავიგაციო სეზონის მიმდინარეობისას ფრენების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება. 

ავიაციის სააგენტოს თანახმად, ათენი-თბილისი-ათენის მიმართულებით რეგულარული რეისები შემდეგი განრიგით შესრულდება: 3 ივნისიდან 29 ოქტომბრამდე რეგულარული რეისები განხორციელდება ყოველ პარასკევს, 4 ივლისიდან სეზონის ბოლომდე (29 ოქტომბერი), დაემატება კიდევ ერთი სიხშირე და ფრენები შესრულდება ყოველ პარასკევს და კვირას, ხოლო 21 ივლისიდან, ავიაკომპანია დაამატებს მესამე სიხშირეს და სეზონის დარჩენილ პერიოდში ფრენები განხორციელდება ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანია Aegean Airlines-ს საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 25 მაისს მიენიჭა. ეგეოსის ავიახაზები საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს.

ავიაციის სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, გაითვალისწინოს, რომ ეპიდვითარების შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარიული მოთხოვნები, რაც აისახება ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით.

"მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარიულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს", - წერს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.

კომენტარები