Moderna

Moderna-ს ვაქცინა 12-17 წლის ბავშვებში 100%-ით ეფექტიანია

კომპანია Moderna-ს მეორე/მესამე ფაზის კვლევის შედეგებით, Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 12-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში 100%-ით ეფექტიანია.

Moderna აშშ-ს საკვებისა და წამლების ადმინისტრაციას ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის ვაქცინის დამტკიცებისთვის ივნისში მიმართავს.

კომპანიაში განაცხადეს, რომ ცდაში მონაწილეობას 3 700-ზე მეტი პირი იღებდა, ვაქცინის ორი დოზის მიღების შემდეგ კორონავირუსი არავის დაუდასტურდა. მათგან ვისაც პლაცებო მისცეს, ოთხს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

აცრის შემდეგ მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტი არ ყოფილა და გვერდითი მოვლენები ისეთივეა, როგორც ზრდასრულებში - თავის ტკივილი, დაღლილობა, კუნთების ტკივილი, შეციება. 

კომპანიისვე განცხადებით, ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინა მხოლოდ პირველი დოზის გაკეთების შემდეგ 93%-ით ეფექტიანია.

12 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების დაავადების კონტროლის ცენტრის საკონსულტაციო პანელმა 12-15 წლის ბავშვების Pfizer-ის ვაქცინით აცრის რეკომენდაცია გასცა. 

Pfizer-BioNTech-ის განცხადებით, ცდის მესამე ფაზის შედეგით, მათი ვაქცინა 100%-ით ეფექტიანი და უსაფრთხოა 12-დან 15 წლამდე ბავშვებში. ცდაში 2 260 12-დან 15 წლამდე ბავშვი იღებდა მონაწილეობას. კომპანიისვე განცხადებით, ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან ერთი თვის შემდეგ ვაქცინა წარმოქმნის ძლიერ საპასუხო ანტისხეულებს.

კომენტარები