სასამართლო რეფორმა

დეგნანი: ვიმედოვნებთ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და უზენაესში შერჩევები გადავადდება

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი იმედს გამოთქვამს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო და უზენაესი სასამართლო წევრების შერჩევას გადადებს. ელჩის თქმით, ამ პროცესის გადავადება ივლისამდეა შესაძლებელი, რადგან უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნის პროცედურა არ შეესაბამება ევროკავშირის მედიაციით შემდგარი შეთანხმების სულისკვეთებას.

"დანიშვნის პროცედურა, იქნება ეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო თუ უზენაესი სასამართლო, არ შეესაბამება 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას, სადაც მხარეები შეთანხმდნენ, განეხორციელებინათ არსებითი და მნიშვნელოვანი რეფორმები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, შერჩევის, დანიშვნისა და დაწინაურების პროცესში, ისევე როგორც უზენაესი სასამართლოს შერჩევის პროცესში. ეს დანიშვნები უნდა მოხდეს ახალი, რეფორმირებული და ძლიერი სისტემით, რომელიც მხარეებთან და ყველა პოლიტიკურ პარტიასთან ინკლუზიური დებატების შედეგია. სწორედ ამიტომ მოვუწოდებდით საბჭოს, გადაედო შეხვედრა, მისი გადადება ივლისამდეა შესაძლებელი. ასე რომ იქამდე ბევრი დროა, რაც რეფორმის გატარების საშუალებას იძლევა, რაც მართლმსაჯულებას უფრო ძლიერს და დამოუკიდებელს გახდის. სწორედ ამას მოვუწოდებდით და ვიმედოვნებთ, რომ საბჭო ამას გაითვალისწინებს და გადაავადებს შერჩევის პროცესს". – თქვა დეგნანმა საზმაუს ცნობით. 

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, კელი დეგნანმა და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, ნატალია ვუტოვამ კახა კუჭავას სასამართლო რეფორმის შესახებ წერილით მიმართეს. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მმართველ გუნდს ახსენებენ ევროკავშირის მედიაციით შემდგარი შეთანხმების დოკუმენტით აღებულ ვალდებულებებს სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს ცვლილებებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს წევრების დანიშვნის შესახებ. წერილში ყურადღება გამახვილებულია მათი წევრების შერჩევა-დანიშვნის პროცესის შეჩერების მნიშვნელობაზე.

წერილს უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამაც. კუჭავა წერს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტი არ არის უფლებამოსილი, დაელოდოს 2022 წლის საგაზაფხულო სესიაზე განსახორციელებელ საკანონმდებლო ცვლილებებს. კუჭავა ამბობს, რომ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვალდებულია, უზრუნველყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს წევრების დანიშვნის პროცესი.


ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით შემდგარ შეთანხმებაში, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, სასამართლო რეფორმის შესახებ ნაწილის ერთ-ერთი პუნქტია, რომ ხელისუფლებამ უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით დოკუმენტში ნათქვამია: 

პარლამენტს უნდა წარუდგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის #949/2019 დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას.


ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია.

კომენტარები