რიყის დოქები

თურნავა რიყის დოქებზე: ძალიან რთულია, მოვუნახოთ ფუნქციონალი

ნათია თურნავამ ბრიფინგზე ე.წ. "რიყის დოქებთან" დაკავშირებით ისაუბრა და თქვა, რომ პოსტპანდემიურ პირობებში ძვირადღირებული ობიექტის გაყიდვა რთულია, რადგან თანხა, რაც სახელმწიფოს ეს ნაგებობა დაუჯდა, არის ბევრად მეტი იმ საბაზრო ფასზე, რომელიც შეიძლება მასში გადაიხადოს ინვესტორმა.

"რა თქმა უნდა, დღეს კიდევ პოსტპანდემიურ პერიოდში ვართ და, როდესაც ძალიან ძვირადღირებული ობიექტია, ძალიან რთულია მოვუნახოთ მას ფუნქციონალი, არ არის ასეთი მარტივი საკმაოდ ძვირადღირებული ობიექტის გაყიდვა, როგორც გამოაჩინა ღია და გამჭვირვალე აუქციონებმა, თითქმის 8-9 თვე ჩვენ ამ აუქციონებზე გაგვაქვს ეს ობიექტი. ის თანხა, რაც ეს დაუჯდა ბიუჯეტს და სახელმწიფოს, ძალიან შორს არის იმ საბაზრო ფასისგან, რომელიც დღეს შეიძლება მასში გადაიხადოს ინვესტორმა, თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას პოტენციურ ინვესტორებთან და აუცილებლად მოხდება პრივატიზაცია, თავისი გამოყენება ექნება ამ ობიექტს", - თქვა ნათია თურნავამ.

მთავრობამ რიყის დოქების გაყიდვა უკვე 4-ჯერ სცადა, თუმცა 4-ვე აუქციონი უშედეგოდ დასრულდა. პირველ აუქციონზე საწყისი ფასი 95 მილიონი ლარი იყო, მომდევნო ორზე ფასი 71 მილიონამდე შემცირდა, ბოლო აუქციონზე კი რიყის დოქების გაყიდვა მთავრობამ 50%-იანი ფასდაკლებით, 47.5 მილიონად სცადა.

სამხარაულის ექსპერტიზის ცენტრის მიერ კომპლექსი 95 მილიონ ლარადაა შეფასებული.
თბილისის ცენტრში მდებარე ნაგებობის მშენებლობის პროცესი 2013 წელს დასრულდა და ის დღემდე უფუნქციოდაა, მის მშენებლობაზე 75 მილიონი ლარი დაიხარჯა.

კომენტარები