ავღანეთში მყოფი ქართველი ჯარისკაცები

ავღანეთიდან ქართული ქვედანაყოფების გამოყვანის პროცესი დაიწყო

ავღანეთიდან ქართული დანაყოფების გამოყვანა დაიწყო. 

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"საქართველოს თავდაცვის ძალების ავღანეთიდან გამოსვლის პროცესი დაიწყო. დასავლეთ სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული პირველი ქვედანაყოფია, რომელიც ავღანეთის ისლამური რესპუბლიკიდან სამშობლოში დაბრუნდა. ქართული კონტინგენტი ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში, მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ ასრულებდა და მის მთავარ დავალებას სწრაფი რეაგირების ამოცანების შესრულება წარმოადგენდა.

ქართველი მშვიდობისმყოფელების საერთაშორისო მისიიდან დაბრუნება ვაზიანში, მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე საზეიმოდ აღინიშნა. პირად შემადგენლობას მისიის ღირსეულად და წარმატებით შესრულება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს. მათ მშვიდობისმყოფელებს გამორჩეული სამსახურისა და მნიშვნელოვანი კონტრიბუციისთვის მადლობა გადაუხადეს და მისიაში დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.

სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა. ჰუბერტ ქნირშმა ქართველი სამხედროების მაღალი პროფესიონალიზმი, გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში სამხედრო მოკავშირეების მხარდამხარ მათი ღირსეული სამსახური და მნიშვნელოვანი წვლილი ხაზგასმით აღნიშნა.

ღონისძიება მშვიდობისმყოფელების დაჯილდოებით გაგრძელდა. ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიაში ღირსეულად მონაწილეობისათვის, 11 სამხედრო მოსამსახურე მედლით „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის დააჯილდოვეს. 2004 წლიდან დღემდე, სხვადასხვა როტაციის ფარგლებში (ISAF, RSM), ავღანეთში განხორციელებულ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა 20 ათასზე მეტმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო." – წერია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

2021 წლიდან აშშ-მ და NATO-ს წევრებმა ავღანეთიდან ჯარების გაყვანა დაიწყეს. გასულ წელს, აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ავღანეთის თალიბანის დაჯგუფებას შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ამერიკის ჯარები ქვეყანას 1 მაისისთვის დატოვებდა. მთავრობის ცვლილების გამო 1 მაისის ბოლო ვადამდე ჯარების გაყვანა ვერ მოხერხდა, მაგრამ ბაიდენის ადმინისტრაციამ ეს პროცესი დაიწყო. ახალი ბოლო ვადა 2021 წლის 11 სექტემბერია, 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიის, რასაც აშშ-ს ავღანეთში შეჭრა მოჰყვა, მე-20 წლისთავი.

1 მაისის ბოლო ვადის გადაცილებისა და მოკავშირეთა ძალების გაყვანის პარალელურად, თალიბანმა ავღანეთის სამთავრობო ძალებზე ახალი დიდი შეტევები განაახლა.

კომენტარები