internet explorer

Internet Explorer-ის ერა სრულდება – Microsoft ბრაუზერს ხმარებიდან იღებს

bbc

კომპიუტერული ტექნოლოგიების კორპორაცია Microsoft-მა დააანონსა, რომ ბრაუზერს Internet Explorer (IE) მომავალი წლიდან, 2022 წლის ივნისიდან Windows 10-ის გარკვეულ ვერსიებზე ხმარებიდან ამოიღებს.

"Internet Explorer-ის მომავალი Windows 10-ზე იქნება Microsoft Edge. Internet Explorer 11-ის პროგრამას ხმარებიდან ამოვიღებთ და 2022 წლის 15 ივნისიდან Windows 10-ის გარკვეულ ვერსიებზე მხარდაჭერა შეუწყდება", - წერია Microsoft-ის მიერ გამოქვეყნებულ ბლოგში.

Microsoft-მა ჯერ კიდევ 2020 წლის აგვისტოში დააანონსა, რომ Microsoft 365-ის პროდუქტები IE-ს მხარდაჭერას 2021 წლის აგვისტოში შეუწყვეტენ, Microsoft Teams-მა კი მხარდაჭერა ბრაუზერს 2020 წლის ნოემბერში შეუწყვიტა.

Microsoft-მა ბრაუზერი 1995 წელს, Windows 95-თან ერთად გამოუშვა და უკვე 26 წელია მომხმარებელი მას იყენებს. ერთ დროს IE ყველაზე მეტად გამოყენებადი ვებბრაუზერი იყო, 2003 წლისთვის მისი გამოყენების წილი 95%-ს შეადგენდა, თუმცა, ბაზარზე Firefox-ის (2004), Google Chrome-ის (2008) და სხვა ალტერნატივების გამოჩენის შემდეგ, მისმა წილმა კლება დაიწყო და 2021 წლისთვის ყველა პლატფორმაზე მისი საბაზრო წილი, დაახლოებით, 0.8%-ია.

კომენტარები