COVID-19-ის ვაქცინა

ვაქცინირებულთათვის EU საზღვრებს გახსნის, განიხილება სინოფარმით აცრილების დაშვებაც

ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ გახსნან საზღვრები იმ ქვეყნების ვაქცინირებული მოქალაქეებისთვისაც, რომლებიც ევროკავშირის წევრები არ არიან. ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობას შეძლებენ ადამიანები, რომლებიც სრულად აცრილნი არიან ევროკავშირის მიერ დამტკიცებული ვაქცინით. განიხილება ჯანმოს მიერ დამტკიცებული ვაქცინებით აცრილი ადამიანებიც, მათ შორის სინოფარმითაც (რომელიც ჯანმოს მიერ გადაუდებელი გამოყენების ვაქცინათა სიაშია დამტკიცებული). 

3 მაისს ევროპულმა კომისიამ წარადგინა შეთავაზება, რომ შეემსუბუქებინათ უსაფრთხო ქვეყნების კრიტერიუმი და დაეშვათ სრულად ვაქცინირებული ისეთი ადამიანების მიღება, რომლებიც ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან არ არიან. დღეს, 19 მაისს, ევროკავშირის 27 ქვეყნის წარმომადგენელმა ეს მოთხოვნა დაამტკიცა. ამ გადაწყვეტილების ძალაში მოყვანას ახლა ევროკავშირის საბჭოს დასტური სჭირდება.

სავარაუდოდ, ამ კვირაში ან  მომდევნო კვირის დასაწყისში ევროკავშირი გამოსცემს უსაფრთხო ქვეყნების ახალ, უფრო დიდ სიას.

აქამდე არსებული წესების მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნები, გარკვეული გამონაკლისების გარდა, უცხო ქვეყნებიდან მხოლოდ 7 ქვეყნის, მათ შორის ავსტრალიის, ისრაელისა და სინგაპურის მოქალაქეებს უშვებდა.

მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები თავად განსაზღვრავენ ინდივიდუალურ დონეზე მოხსნიან თუ არა მოგზაურობის შეზღუდვებს საკუთარ ქვეყნებში. 

კომენტარები