უკრაინა

უკრაინა ისრაელის "რკინის გუმბათის" მსგავსი სისტემის ყიდვას განიხილავს

ისრაელის “რკინის გუმბათის” სისტემა ღაზის სექტორიდან გაშვებულ რაკეტებს ანეიტრალებს. 14 მაისი, 2021.
AFP

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ისრაელის რკინის გუმბათის მსგავსი ანტისარაკეტო სისტემის შესყიდვას განიხილავს. ამის შესახებ კომენტარი ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ანდრეი ტარანმა, 18 მაისს გააკეთა. 

"უკანასკნელ პერიოდში, ისრაელში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ანტისარაკეტო სისტემა ნებისმიერი ქვეყნისთვის საჭიროა. მინდა ისიც აღვნიშნო, რომ ე.წ. რკინის გუმბათი ასეთი სისტემებიდან ერთ-ერთი საუკეთესოა. უკრაინა განიხილავს მსგავსი ტიპის თავდაცვის მექანიზმის შესყიდვის შესაძლებლობას." – აცხადებს მინისტრი.

ტარანმა ისიც აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ გასულ წელს, ქვეყნის სამხედრო უწყებებმა დაიწყეს ანტისარაკეტო სისტემების შექმნისთვის გადასადგამი ნაბიჯების დაგეგმარება და მონიტორინგი. 

უკრაინულ მედიაში ხშირად იწერება ქვეყნის არსებული ანტისარაკეტო სისტემების სისუსტეზე და არასაიმედოობაზე. ხშირად თავდაცვის ამ ნაწილს ქვეყნის სამხედრო სიძლიერეში ყველაზე დიდ გარღვევადაც მოიხსენიებენ. ამ ეტაპზე, უკრაინა ანტისარაკეტო სისტემის შესყიდვაში დახმარებას საერთაშორისო პარტნიორებისგან, უმეტესად კი აშშ-სგან ელის. როგორც ცნობილია, უკრაინის შესაბამისმა ორგანოებმა ვაშინგტონს თხოვნით უკვე მიმართეს.

კომენტარები