საპატრიარქო ანტიოქიის პატრიარქის ბჟანიასთან შეხვედრაზე: ნეგატიური მოვლენაა, რეაგირება გვექნება

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძე ანტიოქიის პატრიარქის ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტთან შეხვედრას გამოეხმაურა და ნეგატიურ მოვლენად შეაფასა. ჯაღმაიძეს თქმით, საპატრიარქოს რეაგირება კომუნიკაციის შემდეგ ექნება.

"რა თქმა უნდა, ეს არის ნეგატიური მოვლენა, უცნაური ფაქტია და ჩვენ, რა თქმა უნდა, ამაზე გვექნება რეაგირება, თუმცა მანამდე საჭიროა გარკვეული კომუნიკაცია, დაზუსტება დეტალების, ამიტომ უნდა დაველოდოთ ჩვენს საგარეო ურთიერთობათა განყოფილებას, ჯერჯერობით კომუნიკაცია არ გვქონია, ალბათ, დღის განმავლობაში რაღაცა ფორმას შეიძენს". – ამბობს ჯაღმაიძე

ანტიოქიის და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქმა იოანე მეათემ ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებულ პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას ოფიციალურად უმასპინძლა. ინფორმაციას და ფოტო-ვიდეოს თავად ანტიოქიის საპატრიარქო ავრცელებს. შეხვედრა 18 მაისს გაიმართა.

კომენტარები