ტყითსარგებლობის წესი

ტყითსარგებლობის ახალი წესი: როგორ მანიპულირებს მთავრობა ტერმინებით

მთავრობის მიერ დამტკიცებული ახალი ტყითსარგებლობის წესის თანახმად, არამერქნული რესურსების, როგორიცაა, კენკრა, მაყვალი, მარწყვი, ჟოლო, ასკილი, სოკო და სხვა, სპეციალური ნებართვის გარეშე კომერციალიზაციის მიზნით გამოყენება აიკრძალა.

იმ იურიდიულ პირებს, რომელთაც სურთ ზემოთ ჩამოთვლილი ტყის რესურსების კომერციალიზაციის მიზნით გამოყენება, მოუწევთ სპეციალური ნებართვის მიღება, რომელიც მხოლოდ ერთი წლის ვადით იმოქმედებს და ასევე წლის ბოლოს მოპოვებული რესურსების შესახებ სამინისტროსთვის ანგარიშის წარდგენა. ამ მომსახურების სანაცვლოდ კი კერძო სექტორს კანონით განსაზღვრული გადასახადის გადახდა მოუწევს.  

აღსანიშნავია, რომ ტყის რესურსების კომერციალიზაციის მიზნით გამოყენება ახალი კანონპროექტის მიღებამდე აკრძალული იყო, თუმცა, საკითხავია, რა საჭირო იყო ორმაგი აკრძალვის დაწესება და ახალი ბიუროკრატიული მექანიზმის შექმნა. 

სამინისტროს განმარტებით, კომერციალიზაციის ნებართვა კერძო სექტორის მოთხოვნის საფუძველზე შეიქმნა. 

"ქვეყანაში არ არსებობდა არამერქნული რესურსის მოპოვების ლეგალური გზა, რის გამოც, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა არ ჰქონდათ, კანონიერი ბიზნესი ეწარმოებინათ, განეხორციელებინათ რეალიზაცია, მათ შორის, ექსპორტი". – წერია სამინისტროს პრესრელიზში. 

მიუხედავად ფორმალური აკრძალვისა, კომპანიებს მაინც შეეძლოთ გლეხებისგან მოპოვებული ტყის რესურსების შეძენა და შემდგომ მისი რეალიზაცია, მათ შორის, ექსპორტზე გატანა. 

განვიხილოთ კენკროვანი პროდუქტების მაგალითი:  
2017 წელს საქართველოდან 477 000 დოლარის ღირებულების კენკრის ექსპორტი განხორციელდა, 2018 წელს – 445 500 დოლარის, 2019 წელს კი საზღვარგარეთ 170 ტონაზე მეტი კენკროვანი პროდუქტი გავიდა, რისი საერთო ღირებულებაც 1 მილიონ დოლარს აღწევდა. 

ფაქტებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ ტყის პროდუქტის რეალიზაციასა და ექსპორტს სპეციალური ნებართვა არ სჭირდება და ბიზნეს სექტორი სახელმწიფოს ჩარევის გარეშეც ფუნქციონირებს. მაშინ, გაუგებარია, რატომ უნდა მოუნდეს კერძო სექტორს რთულ ბიუროკრატიულ პროცესში ჩართვა, ყოველწლიურად ნებართვის მიღება, ანგარიშების ჩაბარება და, რაც მთავარია, დამატებითი გადასახადის გადახდა. 


მეორე საკითხი ტყის პროდუქტების პირად მოხმარებას და ფიზიკური პირების მიერ ვაჭრობას ეხება. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ახალი რეგულაცია პირადი მოხმარებისთვის არამერქნული რესურსებით სარგებლობას არ კრძალავს. 

საკვანძო ტერმინი აქ "პირადი მოხმარებაა". როგორც წესი, პირადი მოხმარება ვაჭრობას არ გულისხმობს. 

სამინისტროში კი განმარტავენ, რომ პირადი მოხმარება ვაჭრობასაც გულისხმობს და მოქალაქეებს ისევ შეეძლებათ, მაგალითად, კენკრის ტყეში დაკრეფა და მისი ბაზარში გაყიდვა. 

მიუხედავად ამისა, 109-გვერდიან კანონპროექტში მსგავსი განმარტება არ არის დაზუსტებული და ერთადერთ სანდო წყაროდ არა ოფიციალური დოკუმენტი, არამედ სამინისტროს წარმომადგენლების სიტყვა გვრჩება.  

იმ შემთხვევაში, თუ არ შეიცვლება დოკუმენტის არსებული ვერსია და ზუსტად არ განისაზღვრება ტერმინების დეფინიცია, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მომავალში სამინისტრო განგვიმარტავს, რომ დოკუმენტის შინაარსი შეცდომით იქნა გაგებული და სინამდვილეში პირადი მოხმარება ვაჭრობას სულაც არ გულისხმობდა. 
 

კომენტარები