ზუგდიდი

ზუგდიდის მერი: შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ვტოვებ თანამდებობას

ქართული ოცნება

ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია თანამდებობას ტოვებს. მისი თქმით, გადაწყვეტილება "შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე" მიიღო. შენგელია Facebook-ზე წერს, რომ მისთვის "უმნიშვნელოვანესი იყო, არის და იქნება სწორ ღირებულებებსა და ფასეულობებზე დაფუძნებული ადამიანური ურთიერთობები", კეთილსინდისიერება პირად ურთიერთობებში, საჯარო სამსახურსა თუ პოლიტიკაში.

"ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ პერიოდის განმავლობაში ვყოფილიყავი თქვენი მსახური, რაც ამავდროულად უდიდეს პასუხისმგებლობას გულისხმობდა. ჩემთვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო, არის და იქნება სწორ ღირებულებებსა და ფასეულობებზე დაფუძნებული ადამიანური ურთიერთობები, კეთილსინდისიერება პირად ურთიერთობებში, საჯარო სამსახურსა თუ პოლიტიკაში.

შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიმაჩნია დავტოვო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა.

ჩემო ზუგდიდელებო! ჩემი მერობის პერიოდში მუდმივად ვგრძნობდი თქვენი მხრიდან განსაკუთრებულ კეთილგანწყობასა და თანადგომას, რისთვისაც გიხდით მადლობას. ამ გამოწვევების წინაშე მარტო არ ვყოფილვარ. ჩემს გვერდით ყოველთვის იდგნენ გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე საჯარო მოხელეები. მადლობა მათ ღირსეული მსახურებისთვის.

ზუგდიდში მცხოვრებ თითოეულ ოჯახს ვუსურვებ ჯანმრთელობას და წარმატებას. მე, როგორც რიგითი ზუგდიდელი ყოველთვის ვიქნები ჩემი ქალაქის სამსახურში ამ თუ სხვა პოზიციაზე". – წერს შენგელია.

მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა და განაცხადა, რომ პოლიტიკაში რჩება, ქართული ოცნების გუნდის ნაწილი მმართველ პარტიას გამოეყო და მას შეუერთდა.

კომენტარები