ნინოწმინდის ბავშვთა სახლი

სოცმუშაკი უკვე სამი კვირაა ნინოწმინდის პანსიონატში მუშაობს – სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო

Ombudsman

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში, რომელიც საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია, სოციალური მუშაკი უკვე სამი კვირაა ვიზიტებს ახორციელებს.

"სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკი უკვე სამი კვირის განმავლობაში ახორციელებს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში გეგმურ ვიზიტებს, რომელთა მიზანიც არის არასრულწლოვანთა კეთილდღეობის რისკებისა და საჭიროებების იდენტიფიცირება. აქტიურად მიმდინარეობს ბავშვებთან პირისპირ შეხვედრები და ინტერვიუები.

ვიზიტები მშვიდ გარემოში იმართება და სამუშაო პროცესში სოციალურ მუშაკს ხელი არ ეშლება. ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე დახმარებას უწევს სხვადასხვა საკითხის მოგვარებაში. სოციალური მუშაკი აქტიურად თანამშრომლობს სკოლის ადმინისტრაციასთანაც". – უთხრეს ტაბულას სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში.

15 აპრილს სახალხო დამცველის რწმუნებულებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ა(ა)იპ ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა არ მიეცათ. ამის მიზეზად, დაწესებულების წარმომადგენელმა სხალთის მთავარეპისკოპოსის მეუფე სპირიდონის მითითება დაასახელა. 

გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან მიმართებით დროებითი ღონისძიება გამოსცა. კერძოდ, კომიტეტის მოწოდებით, სახელმწიფო ვალდებულებაა, დაუყოვნებლივ უზრუნველყო შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება. გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მიმართვის საფუძველზე გამოსცა.

კომენტარები