დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ისრაელის თავდაცვის ძალები: მოვკალით ჰამასის სამხედრო დაზვერვის ორი ლიდერი

ისრაელის საჰაერო თავდასხმა ღაზის სექტორში, 2021 წელი, 12 მაისი
The Times of Israel

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათ გააუვნებელყვეს დაჯგუფება ჰამასის 2 მნიშვნელოვანი წევრი, რომლებიც ორგანიზაციის სამხედრო დაზვერვის შტოს მეთაურობდნენ. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელ Twitter-ზე იტყობინება.

"ჩვენმა ავიაგამანადგურებლებმა, ისრაელის უსაფრთხოების სააგენტოსთან ერთად, ჰამასის დაზვერვის ორი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი გააუვნებელყვეს. ჰასან კაოგი, ჰამასის სამხედრო დაზვერვისა და უსაფრთხოების დეპარტამენტის მეთაური და მისი მოადგილე, ვაილ ისსა, სამხედრო დაზვერვისა და ანტიშპიონაჟის დეპარტამენტის მეთაური". – წერს ისრაელის თავდაცვის ძალები Twitter-ზე.

ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, ბოლო 38 საათში ისრაელის მიმართულებით ღაზის სექტორიდან 1050-ზე მეტი რაკეტა და საარტილერიო ჭურვი ისროლეს.

გრძელდება ისრაელის საპასუხო ცეცხლიც ღაზის სექტორის მიმართ. ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, მათ 500-ზე მეტ ობიექტზე მიიტანეს იერიში. 12 მაისის დილის საჰაერო თავდასხმების შემდეგ ისრაელის ძალებმა ღაზის სექტორის ათობით პოლიციის სადგური და უსაფრთხოების ობიექტი გაანადგურეს.

ბოლო მონაცემებით ისრაელის საპასუხო ცეცხლს 32 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა და 220 დაშავდა. 5 ადამიანი ემსხვერპლა ისრაელის მიმართულებით გაშვებულ ჰამასის რაკეტებს.

პარალელურად, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მუჰამედ ჯავად ზარიფი სირიაში ჩადის, რათა განიხილონ ვითარება ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის.


ინტენსიური სარაკეტო თავდასხმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელმა დაჯგუფება ჰამასის პირველი ულტიმატუმი არ შეასრულა და ალ-აკსას მეჩეთის ტერიტორიიდან, სადაც ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მიდის, უსაფრთხოების ძალები არ გაიყვანა. 

ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, ბრძოლა რამდენიმე დღეს გაგრძელდება და ისინი ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყებას არ გამორიცხავენ.

პარალელურად გრძელდება შეტაკებები ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის. დემონსტრაციები იერუსალმისი გარდა, ტარდება ქალაქ ლოდშიც, სადაც მოვლენებს ერთი არაბი ისრაელის მოქალაქე ემსხვერპლა. დემონსტრანტები ლოდში ებრაელთა სახლებს მოლოტოვის კოქტეილებსა და ქვებს ესვრიან. მოკლული არაბი, როგორც პოლიციამ გაარკვია ერთ-ერთ 34 წლის ებრაელს ემსხვერპლა. მკვლელი დაკავებულია.

დაძაბულობა იერუსალიმში, ალ-აკსას მეჩეთთან პალესტინელებისა და ისრაელის პოლიციის დაპირისპირებას მოჰყვა. გასულ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია იერუსალიმის შაიხ ჯარას რაიონიდან პალესტინელთა შესაძლო გასახლების შესახებ, რასაც ამ უკანასკნელთა პროტესტი მოჰყვა. ასევე, 10 მაისს ისრაელი იერუსალიმის დღეს აღნიშნავს, დღეს როდესაც 1967 წლის არაბეთ-ისრაელის ომში ქალაქის რამდენიმე მონაკვეთი აიღეს.

ღაზის სექტორი პალესტინელთა ანკლავია, რომელსაც დაჯგუფება ჰამასი მართავს

კომენტარები