ილონ მასკი

ილონ მასკი: მე SNL-ის პირველი წამყვანი გავხდები, რომელსაც ასპერგერი აქვს

ილონ მასკი Saturday Night Live-ში

SpaceX-ის და Tesla-ს დამფუძნებელმა ილონ მასკმა, NBC-ის გადაცემა Saturday Night Live-ში თქვა, რომ მას ასპერგერის სინდრომი აქვს. კომედიურ გადაცემაში მასკი წამყვანად იყო მიწვეული.

"დღეს ჩემი გამოსვლა ისტორიულია - მე ხომ SNL-ის პირველი წამყვანი გავხდები, რომელსაც ასპერგერი აქვს. ყოველ შემთხვევაში პირველი, ვინც ამას აღიარებს". – თქვა მასკმა.

მონოლოგის დროს მასკმა ასევე მიმართა მათ, ვისაც შეიძლება არ მოსწონდეს მისი გამონათქვამები სოციალურ ქსელებში.

"ყველას, ვისაც ვაწყენინე, მინდა ვუთხრა: მე თავიდან გამოვიგონე ელექტრომობილი და კოსმოსური ხომალდებით ვუშვებ ხალხს მარსზე. მართლა გეგონათ, რომ თავშეკავებული, ნორმალური ადამიანი ვიქნებოდი?" – თქვა მასკმა.

ასპერგერის სინდრომი აუტიზმის სპექტრის აშლილობის ერთ-ერთი ფორმაა. ამერიკის ფსიქიატრიული ასოციაციის დიაგნოსტირებისა და ფსიქიკური აშლილობის სტატისტიკურ სახელმძღვანელოში (DSM) 2013 წლამდე ეს მდგომარეობა ცალკეულ დიაგნოზად განიხილებოდა, თუმცა შემდგომში აუტიზმის ყველა ფორმა ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანდა და აუტიზმის სპექტრის აშლილობა ეწოდა.

ასპერგერის სინდრომის მქონე ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ მაღალი ინტელექტი და საშუალოზე კარგი ვერბალური (მეტყველებითი) უნარები. ეს განასხვავებს ამ მდგომარეობას სპექტრის სხვა ფორმებისგან. ასპერგერის სინდრომი ითვლება აუტიზმის მაღალფუნქციურ ფორმად.

კომენტარები