ევროპის დღე

ღარიბაშვილი: მჯერა, ევროპულ ერთიანობას ისევე სჭირდება საქართველო, როგორც ჩვენ – ევროპა

ევროპის დღეს ვულოცავ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ევროპული ღირებულებები, ყველას, ვინც საქართველოს მომავალს ხედავს ევროპის სახელმწიფოთა დიდ ოჯახში. მე ვულოცავ ჩვენს მეგობრებს – ევროკავშირის ელჩს, ბატონ კარლ ჰარცელს და ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში.

ქართველები ვამაყობთ, რომ ევროპული კულტურის ერთ-ერთი შემოქმედი ვართ. დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ვისწრაფვით ჩვენი ბუნებრივი გარემოს – ევროპული სივრცისაკენ.

მჯერა, რომ ევროპულ ერთიანობას ისევე სჭირდება საქართველო, როგორც ჩვენ გვჭირდება ევროპა. ამ ერთიანობისაკენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით. 2014 წელს საკვანძო მოვლენად იქცა ასოცირების ხელშეკრულება. ევროპასთან სავიზო ბარიერის მოხსნამ კიდევ უფრო დაგვაახლოვა ერთმანეთს.

ევროინტეგრაციის პროცესი ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვისაც უნიკალური შესაძლებლობაა, ისარგებლონ ყველა სიკეთით, რაც ევროპასთან დაახლოებას მოაქვს. საქართველო-ევროპის ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორც დღესაა. მე მადლობას ვუხდი ჩვენ ევროპელ მეგობრებსა და პარტნიორებს, ვისი უდიდესი თანადგომის გარეშეც საქართველოს ასეთი წინსვლა შეუძლებელი იქნებოდა.

2024 წელს ჩვენ გავაკეთებთ განაცხადს ევროკავშირის სრულ წევრობაზე. ბედნიერი ვარ, რომ სწორედ დღევანდელ თაობებს ხვდათ წილად, სინამდვილედ აქციონ ჩვენი წინაპრების ოცნება. ყველას გილოცავთ ევროპის დღეს!

ევროპის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვიდეო მიმართვა გაავრცელა.

კომენტარები