კორონავირუსი საქართველოში

HRC: კორონავირუსით გარდაცვლილი 19 წლის თეკლა თორდიას საქმეზე 10 დარღვევა გამოვლინდა

არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრმა 2020 წლის 29 ნოემბერს ახალი კორონავირუსით გარდაცვლილი 19 წლის თეკლა თორდიას საქმეში არსებული დარღვევების შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი გარდაცვლილის ოჯახის ინტერესებს იცავს და ჯანდაცვის რეგულირების სააგენტოს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ 19 წლის გოგოს საქმეში 10 დარღვევა-ნაკლოვანება გამოვლინდა.

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, პაციენტის გადარჩენა დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის გამო ვერ მოხერხდა.

"რეცენზენტ-ინფექციონისტის დასკვნით, დაავადების პირველივე კვირაში, ვირუსის რეპლიკაციის ფაზაში, ინფექციური პროცესის მძიმე მიმდინარეობის პროგნოზი შესაძლებელი იყო ობიექტური კლინიკურ ლაბორატორიული მონაცემების შეფასებით. ასევე, მნიშვნელოვანი იყო, მყისიერად შეფასებულიყო 1 ტიპის შაქრიანი დიაბეტის (ინსულინდამოკიდებულების) საკითხი. დასკვნაში ასევე, ნათქვამია, რომ ყველა პარამეტრის და მონაცემის დროული, კრიტიკული, სრულყოფილი შეფასების და დაჩქარებული ჰოსპიტალიზაციის პრობლემა განპირობებული იყო მძიმე ეპიდსიტუაციით და ორგანიზაციული სირთულეებით.

სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ასევე, ირკვევა, რომ დარღვეულია ჯანდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული ბრძანებების მოთხოვნები. თუმცა შესაბამისი სამედიცინო რეცენზიის ავტორები, თავიანთ დასკვნაში აღწერილი და გამოვლენილი დარღვევების მიუხედავად, მხოლოდ ერთი წინადადებით, ბუნდოვნად აღნიშნავენ, რომ "ორგანიზაციულ პრობლემებს, რაც არსებობდა პაციენტის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით, არ მოუხდენია გავლენა გამოსავალზე“. ასეთი პოზიციის დაფიქსირება შემაშფოთებელია და აჩენს კითხვებს რეცენზიის ავტორების ტენდენციურობასთან დაკავშირებით", - წერს HRC.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ასევე ჯანდაცვის რეგულირების სააგენტოზე დაყრდნობით წერს, რომ თეკლა თორდიას გარდაცვალების საქმეზე განიხილება ორი ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი.

"ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტრომ ადამიანის უფლებათა ცენტრს არ მიაწოდა ინფორმაცია კითხვაზე - თეკლა თორდიას ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პაციენტის ჰოსპიტალიზაციის საჭიროებისას იყო თუ არა თავისუფალი ადგილები საქართველოს მასშტაბით.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს, მყისიერად და ობიექტურად გამოიკვლიოს კორონავირუსით გარდაცვლილი თეკლა თორდიას საქმე და ყველა კითხვაზე ოჯახს მიაწოდოს დროული და ამომწურავი პასუხი. ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს პროკურატურას, ობიექტურად და დროულად განახორციელოს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები", - წერს HRC.

კომენტარები