პოლიტიკური კრიზისი

SJC (EMC): ამნისტიის ფართო რედაქცია პოლიტიკურად და სამართლებრივად პრობლემურია

სირცხვილია - ანტირუსული აქცია პარლამენტის წინ
CNN

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) ქართული ოცნების მიერ მომზადებული ამნისტიის კანონპროექტის შესახებ განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის თქმით, კანონპროექტის მოცემული რედაქცია არის ზედმეტად ფართო და პროცესიდან სრულად გამორიცხავს დაზარალებულებს.

"განსაკუთრებით პრობლემურია კანონპროექტის ჩანაწერი, რომლითაც ამნისტირებული იქნება 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ისეთი დანაშაულებიც, რომელზეც მომავალში დაიწყება გამოძიება. შესაბამისად, პარლამენტი ამნისტიას აცხადებს ჯერ კიდევ უცნობ, გამოუკვლეველ ქმედებებზე, მათ შორის შესაძლო სამოხელეო დანაშაულებზე, მტკიცებულებების განადგურებასა თუ ფალსიფიკაციაზე, აგრეთვე ამ მოვლენებთან დაკავშირებულ ძალადობრივ დანაშაულებზე. ეს მიდგომა სამართლებრივი განსაზღვრულობის ფუნდამენტურ პრინციპს არღვევს, რაც სამართლებრივი და  დემოკრატიული წესრიგის საფუძველია". – წერია განცხადებაში

ორგანიზაციის თქმით, ამნისტია, როგორც პოლიტიკური აქტი, უნდა იყოს საზოგადოებრივი კონსენსუსის შედეგი და მისი მიზანშეწონილობა უნდა იყოს მკაფიო ფართო საზოგადოებისთვის.

"სამართლებრივთან ერთად, ამნისტიის აქტს აქვს ფართო პოლიტიკური კონტექსტი. აქტზე ხელმომწერი პოლიტიკური სუბიექტი იღებს პოლიტიკურ და ეთიკურ პასუხიმგებლობას ამნისტირებული დანაშაულების სიმძიმეზე, შედეგად დამდგარ ზიანსა და თანმდევ საფრთხეებზე. ამნისტია, როგორც პოლიტიკური აქტი - უნდა ეფუძნებოდეს ფართო საზოგადოებრივ კონსენსუსს და მისი პოლიტიკური თუ მორალური მიზანშეწონილობა მკაფიო უნდა იყოს არა მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური ელიტისთვის, არამედ ფართო საზოგადოებისთვისაც". – წერია განცხადებაში

სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიხედვით, იმის ფონზე, როდესაც სახელმწიფოს არ გადაუდგამს ქმედითი ნაბიჯები დაზარალებულების დასახმარებლად, მოცემულ ამნისტიის კანონს უფრო მძიმე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ახლავს.

"სამწუხაროდ, დღემდე არ არის ეს მოვლენები სრულყოფილად შესწავლილი და გამოკვლეული, აგრეთვე, სახელმწიფოს არ გადაუდგამს ქმედითი ნაბიჯები დაზარალებულების სამართლებრივი თუ სხვა ინტერესების დასაკმაყოფილებლად. ამ ფონზე, ასეთი მოვლენის ამნისტირება კიდევ უფრო მძიმე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას უკავშირდება, რომელზე ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსიც კრიტიკულად აუცილებელია". – წერია განცხადებაში


პარლამენტში 20 ივნისის ამნისტიის კანონი, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის ნაწილია, ცალ-ცალკე უკვე დააინიცირა ხელისუფლებამ და ოპოზიციამ. 

ქართული ოცნების ვერსიის თანახმად, გარდა იშვიათი გამონაკლისებისა, ამნისტია შეეხება ყველა იმ პირს, ვინც დანაშაული ჩაიდინა, მოამზადა, მიიღო მონაწილეობა, ან ჰქონდა მცდელობა. ამასთან ერთად, ამნისტია გავრცელდება მათზეც, ვისაც აქვს პირობითი მსჯავრი.

ამნისტია არ შეეხება მათ, ვინც უარს აცხადებს ამნისტიის გავრცელებაზე და ასევე არ ეხება სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგ მუხლებს: 117-ე მუხლი - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და  144-ე პირველი პრიმა და 144-ე მესამე პრიმა მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს - წამება, მუქარა, დამამცირებელი, არაადამიანური მოპყრობა.

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია

შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილ დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა. ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (ნიკა რურუას და ნიკა მელიას). შედეგად, დღეს, 27 აპრილს პარლამენტში იგეგმება ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირება და შალვა პაპუაშვილის თქმით,  2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა სისხლის სამართლის საქმეს შეეხება.

ოპოზიციის იმ ნაწილის მტკიცებით, რომელმაც შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა, ამნისტია არ გავრცელდება ადამიანის უფლებათა კონვენციით გათვალისწინებულ  მუხლებზე, "ანუ ჯალათებზე". მმართველი პარტიაში ამბობენ, რომ ამნისტია გავრცელდება ყველაზე და ყველაფერზე, თუმცა მათივე მტკიცებით, დაცული იქნება კონვენციური სტანდარტები.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ სამართალდამცავთა დანაშაულებზე ამნისტიის გავრცელებით საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება არა მხოლოდ დამნაშავის ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ საზოგადოების ნდობა და პატივისცემა სამართალდამცავი სისტემისადმი, ასევე, სახელმწიფოს ვალდებულების შესრულება, ებრძოლოს დაუსჯელობის განცდას, რომელიც დამნაშავეს შეიძლება გაუჩნდეს თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო.

ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, ქართულ ოცნებას სურს, ამნისტიამ დაფაროს დამატებით სამი სამართალდამცავი და ამის შესახებ მედიატორებმაც იციან.

რა წერია შარლ მიშელის მიერ მხარეებისთვის შეთავაზებულ ახალ დოკუმენტში

კომენტარები