პოლიტიკური კრიზისი

გომელაური ამნისტიაზე: ყველაზე მძიმე მუხლი მელიას აქვს, თუ მას ეხება, პოლიციელებსაც შეეხოთ

ვახტანგ გომელაური
საქართველოს მთავრობა

"ყველაზე მძიმე მუხლი ნიკა მელიას აქვს წაყენებული, თუ ნიკა მელიას უნდა შეეხოს ეს მუხლი ამნისტიის, უფრო მსუბუქ მუხლებს რატომ არ უნდა შეეხოს?". – ამის შესახებ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, ჟურნალისტებთან თქვა. 

მისი შეფასებით, ამნისტიის შესახებ ქართული ოცნების კანონპროექტი სამართლიანია. 

"მე, როგორც შს მინისტრი ამნისტიას, ალბათ, წინააღმდეგობას გავუწევდი. პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ჩართული იყვნენ ევროპის პოლიტიკოსები, მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გაიმართა. აქედან გამომდინარე, გადაწყდა, რომ მიეღოთ ამნისტია. მე არ ვთვლი, რომ ეს უსამართლოა. რა თქმა უნდა, პოლიციელებსაც ეხება. არა იმიტომ, რომ შს მინისტრი ვარ და აქედან გამომდინარე ვიცავ პოლიციელებს, არამედ იქედან გამომდინარე, რომ ყველაზე მძიმე მუხლი ნიკა მელიას აქვს წაყენებული, თუ ნიკა მელიას უნდა შეეხოს ეს მუხლი ამნისტიის, უფრო მსუბუქ მუხლებს რატომ არ უნდა შეეხოს?" – ამბობს გომელაური.


პარლამენტში 20 ივნისის ამნისტიის კანონი, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის ნაწილია, ცალ-ცალკე უკვე დააინიცირა ხელისუფლებამ და ოპოზიციამ. 

ქართული ოცნების ვერსიის თანახმად, გარდა იშვიათი გამონაკლისებისა, ამნისტია შეეხება ყველა იმ პირს, ვინც ჩაიდინა დანაშაული, მოამზადა, მიიღო მონაწილეობა, ან ჰქონდა მცდელობა. ამასთან ერთად, ამნისტია გავრცელდება მათზეც, ვისაც აქვს პირობითი მსჯავრი.

ამნისტია არ შეეხება მათ, ვინც უარს აცხადებს ამნისტიის გავრცელებაზე და ასევე არ ეხება სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგ მუხლებს: 117-ე მუხლი - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და  144-ე პირველი პრიმა და 144-ე მესამე პრიმა მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს - წამება, მუქარა, დამამცირებელი, არაადამიანური მოპყრობა. კანონპროექტში არ წერია არაფერი დაზარალებულის თანხმობის შესახებ. 

ნიკა მელიამ 26 აპრილს მიმართვა გაავრცელა და მზადყოფნა გამოთქვა, დასთანხმდეს ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას, თუ 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების ამნისტიის კანონის მიღება დღის წესრიგიდან მოიხსნება

შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილ დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა. ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (გიორგი რურუას და ნიკა მელიას).

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია.

კომენტარები