პოლიტიკური კრიზისი

"გათავისუფლების გასაღები ხელისუფლების ხელშია" – ადვოკატები ნიკა მელიას შეხვდნენ

ინტერპრესნიუსი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერს, ნიკა მელიას ადვოკატები შეხვდნენ. როგორც შეხვედრის შემდეგ გიორგი კონდახაშვილი ამბობს, ენმ-ის ლიდერის გათავისუფლების გასაღები ხელისუფლების ხელშია და თუ ქართულ ოცნებას სურს, რომ მისი პოლიტიკური პატიმრობა დასრულდეს, ნიკა მელიას თანხმობა ამისთვის არ სჭირდება. 

"ნიკა მელიას გათავისუფლების გასაღები არის ხელისუფლების ხელში, ისევე, როგორც მისი დაკავება და დაპატიმრება იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ჩვენ არაერთხელ აღგვინიშნავს, მისი გათავისუფლება პოლიტიკური პატიმრობიდან არის ხელისუფლების ხელში. პროკურატურაც არის ხელისუფლების დაქვემდებარებაში, სასამართლოც, სამწუხაროდ, არის ხელისუფლების დაქვემდებარებაში. ნებისმიერ დროს შეუძლიათ, რომ ნიკა მელია გაათავისუფლონ და ამასთან დაკავშირებით მისი თანხმობა არაფერ შუაში არ არის.

არაფერ შუაში არ არის ნიკა მელიას თანხმობა, თუ ხელისუფლებას სურს, რომ მისი პოლიტიკური პატიმრობა დასრულდეს, ნებისმიერ დროს აქვთ სამართლებრივი არაერთი მექანიზმი, შეუძლიათ, მიმართონ სასამართლოს, თავისუფლდება ნიკა მელია და შემდეგ დგება რამდენიმედღიანი ან კვირიანი ვადა გირაოს გადახდის". – ამბობს გიორგი კონდახაშვილი. 

ნიკა მელიამ 26 აპრილს მიმართვა გაავრცელა და მზადყოფნა გამოთქვა, დასთანხმდეს ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას, თუ 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების ამნისტიის კანონის მიღება დღის წესრიგიდან მოიხსნება

პარლამენტში ამნისტიის კანონი, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის ნაწილია, ცალ-ცალკე უკვე დააინიცირა ხელისუფლებამ და ოპოზიციამ. 

შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილ დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა. ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (გიორგი რურუას და ნიკა მელიას).

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია.

კომენტარები