დიდი შვიდეულის სამიტი

დიდი შვიდეული რუსული პროპაგანდისთვის წინააღმდეგობის გაწევის გზებს განიხილავს

G7
Dw

ლონდონში დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნები(G7)  გახსნით შეხვედრას გამართავენ, რათა იმსჯელონ რუსული პროპაგანდისთვის და დეზინფორმაციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გზებზე.

დიდი შვიდეულის ქვეყნების ჯგუფში შედიან აშშ, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია და გაერთიანებული სამეფო.

2 წლის შემდეგ მხარეები პირველად შეხვდებიან ერთმანეთს პირისპირ. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დომინიკ რააბის თქმით, ბრიტანეთმა მოიწვია მხარეები, რათა სწრაფი გზები იპოვონ რუსეთის დეზინფორმაციის საწინააღმდეგოდ.

"როდესაც ვხედავთ ამ ტყუილებს და პროპაგანდას ან "ფეიკ ნიუსებს", მას ვერ გავუმკლავდებით ინდივიდუალურად, გაერთიანებაა საჭირო, რათა სიმართლე გააგებინო არამხოლოდ შენი ქვეყნის მოქალაქეებს, არამედ მთელ მსოფლიოს, მათ შორის ჩინეთსაც და რუსეთსაც". – ამბობს მინისტრი

ბრიტანული და ამერიკული დაზვერვის მიხედვით, ჩინეთი და რუსეთი ცდილობს, დეზინფორმაცია გაავრცელოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებთან დაკავშირებითაც. 

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მარია ზახაროვა გამოეხმაურა:

"დროა, დავფიქრდეთ, ქვეყნები, რომლებიც პროპაგანდით ძირფესვიანად არიან დაავადებულები და რომლებსაც ეს არაერთხელ გამოუყენებიათ სამხედრო ინტერვენციების ლეგიტიმაციისა და მთავრობების დამხობისთვის, ჩვენს ქვეყანას მათ დანაშაულებში სდებენ ბრალს". – ამბობს მარია ზახაროვა

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დომინიკ რააბი ორშაბათს აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ანტონი ბლინკენს შეხვდება, რათა ისაუბრონ დიდი შვიდეულის როლზე და შესაძლო ნაბიჯებზე.G7-ის შეხვედრას, რომელიც 3-5 მაისს გაიმართება, ასევე დაესწრებიან სამხრეთ კორეის, ინდოეთის, ავსტრალიისა და სამხრეთ აფრიკის წარმომადგენლები.

კომენტარები