პოლიტიკური კრიზისი

"პრინციპულად იზიარებს, რომ EU-ს გირაო არის უპრეცედენტო" – ხაზარაძე ციხეში მელიას შეხვდა

მამუკა ხაზარაძე

ლელოს ლიდერი, მამუკა მდინარაძე საპატიმროში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას შეხვდა. ხაზარაძის თქმით, მელია პრინციპულად იზიარებს, რომ ევროკავშირის გირაო უპრეცედენტო შემოთავაზებაა.

"ორ ძირითად საკითხზე იყო საუბარი, ესენი იყო ევროკავშირის გირაო და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა. პრინციპულად იგი იზიარებს, იმას, რომ ევროკავშირის გირაო არის უპრეცენდენტო რამ, რომელიც ადასტურებს, რომ ევროკავშირი დამნაშავეებისთვის გირაოს არ იხდის. მე არ მინდა ნიკა მელიას მაგივრად ვისაუბრო, ალბათ, უახლოეს დღეებში იგი თვითონ გააკეთებს განცხადებას საპარლამენტო კომისიასთან დაკავშირებით. პრინციპულად ეთანხმება იდეას, მაგრამ უფრო დეტალურად მე მინდა, რომ ნიკამ გააცნოს საზოგადოებას.

გირაოზე დათანხმება აქ, სამწუხაროდ, ისე აღიქმება, რომ ნიკა უნდა დაეთანხმოს, მერე ოცნებამ დაამადლოს – აი, შენ დაეთანხმე გირაოს. ასე არ მოხდება. ვფიქრობ, ევროკავშირი გადაწყვეტილებას მიიღებს ისე, რომ ნიკას თავმოყვარეობას და იმ პრინციპს არ შეეხოს, რისთვისაც ამდენი ხანი ციხეშია მოხვედრილი". – თქვა ხაზარაძემ. 

ნიკა მელიამ 26 აპრილს მიმართვა გაავრცელა და მზადყოფნა გამოთქვა, დასთანხმდეს ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას, თუ 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების ამნისტიის კანონის მიღება დღის წესრიგიდან მოიხსნება. 

პარლამენტში ამნისტიის კანონი, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის ნაწილია, ცალცალკე უკვე დააინიცირა ხელისუფლებამ და ოპოზიციამ. 

შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილ დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა. ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (ნიკა რურუას და ნიკა მელიას).

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია.

კომენტარები