რუსეთი-ევროკავშირი

რუსეთმა ევროპარლამენტის პრეზიდენტსა და სხვა ოფიციალურ პირებს სანქციები დაუწესა

ევროკავშირის სანქციებზე საპასუხო ქმედების სახით რუსეთმა ევროპელ ჩინოვნიკებს და ოფიციალურ პირებს შეზღუდვები დაუწესა. ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო . 

"შავ სიაში" 8 ადამიანი მოხვდა, რომელთა შორის არიან ევროპარლამენტის პრეზიდენტი დავიდ სასოლი და ბერლინის გენერალური პროკურორი იორგ რაუპახი. 

რუსეთის საგარეო სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქცირებულ პირებს რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა და გადაადგილება აეკრძალებათ. ქმედება წარმოადგენს პასუხს ევროკავშირის მიერ 2 და 22 მარტს რუსეთის ექვსი მოქალაქისთვის დაწესებულ სანქციებზე. 

"ევროკავშირის ქმედებები ცხადყოფს, რომ მათი რეალური მიზანი ჩვენი ქვეყნის განვითარების ნებისმიერ ფასად შეფერხება, მათი დანახული მშვიდობის კონცეფციის ჩვენთვის თავს მოხვევა და რუსული შიდა თუ გარე პოლიტიკის დამოუკიდებლობაში ჩარევა და ქაოსის გამოწვევაა." – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიხედვით, ევროკავშირის ქმედებები შეთანხმებული და სტიმულირებულია შეერთებული შტატების მიერ, "რომელიც არც კი მალავს ინტერესს, ხელმეორედ აქციოს ევროპა მწვავე გეოპოლიტიკური დაპირისპირების არენად". 

ევროკავშირის მიერ 2 და 22 მარტს დაწესებული პერსონალური სანქციები იმ პირებს მიემართებათ, რომლებიც ალექსეი ნავალნის დევნაში იქნენ დადანაშაულებული. მათ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა და ფინანსური ინსტრუმენტებით სარგებლობა აეკრძალათ. 

 

კომენტარები