რუსთავის აზოტი

რუსთავის აზოტის ქარხნის დასაქმებულები გაიფიცნენ – წარმოება შეჩერებულია

რუსთავის აზოტი

27 აპრილს, რუსთავის აზოტის ქარხანაში დასაქმებულების ნაწილმა – 300-მდე ადამიანმა – აქცია გამართა. აქტივისტთა მთავარი მოთხოვნა დაქირავებულთა ხელფასების 50%-იანი ზრდა იყო. 

ქვემო ქართლის მაუწყებელთან – TV4-თან საუბრისას, გაფიცულები ადმინისტრაციას ხელფასების 20%-ით გაზრდის დაპირებასა და სიტყვის შეუსრულებლობაში სდებენ ბრალს. 

“ხელფასის მომატება გვინდა. ყველაფერი გაძვირდა, პური გაძვირდა. დიდი ხანია, ხელფასის მომატებას გვპირდებიან, თუმცა არ გვიმატებენ. ახლა არის საუბარი, რომ ოცი კაცი შემოვიდეს, მოვილაპარაკოთო და ადრე მოხდა ისე, რომ მხოლოდ იმ 20 კაცს მოუმატეს ხელფასი. ველოდებით კიდევ და კიდევ გამოსვლას. დღესაც იყო რამდენიმე ადამიანის შესვლაზე საუბარი, მაგრამ უმრავლესობამ გადავწყვიტეთ, რომ არავინ შევიდეს, უფროსობა გამოვიდეს და ყველას ერთად გაგვცეს პასუხი.” – განუმარტა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ TV4-ის ჟურნალისტს.

მოგვიანებით, ქარხანაში რუსთავის მაჟორიტარი ნინო ლაცაბიძე და პარლამენტის წევრი ალექსანდრე დალაქიშვილი მივიდნენ. მხარეებთან გასაუბრების შემდეგ, მაჟორიტარმა ნინო ლაცაბიძემ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციისგან ხელფასების ზრდის დაპირება მიიღო, მაგრამ კონკრეტული შეთავაზების გამოცხადებამდე მენეჯმენტი 1-კვირიან ვადას ითხოვს. 

28 აპრილის მდგომარეობით, რუსთავის აზოტის ქარხანა არ მუშაობს, საწარმოო პროცესი კი შეჩერებულია. ამ მომენტისთვის, გაფიცვას კომპანიის თითქმის ყველა, 2000-მდე თანამშრომელი უერთდება. 

TV4-ის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები შიშობენ, რომ მოლაპარაკებების პროცესი, შესაძლოა, დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს და შესაბამისად, აქციები უკვე ხვალიდან განახლდება, ისევ საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე. 

სს რუსთავის აზოტი, ამიერკავკასიაში, მინერალური სასუქებისა და ინდუსტრიული ქიმიკატების მწარმოებელი უმსხვილესი საწარმო და საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორია. ქარხანა 2000-მდე დასაქმებულს ითვლის. 

კომენტარები