რუსთავის აზოტი

რუსთავის აზოტის ქარხნის მოდერნიზაციის პროექტი შეჩერებულია

EBRD-სა და რომან ფიფიას შორის სასესხო ხელსეკრულების გაფორმება

2016 წლის 20 ივლისს EBRD-ის რეგიონულმა ხელმძღვანელმა ბრუნო ბალვანერამ და რუსთავის აზოტის ქარხნის მფლობელმა რომან ფიფიამ ხელი მოაწერეს სასესხო შეთანხმებას, რომლის შედეგადაც რუსთავის აზოტის ქარხნის მოდერნიზაციის პროექტი უნდა დაწყებულიყო. როგორც ირკვევა, დღეს ეს პროექტი შეჩერებულია.

GBC-სთან საუბრისას რუსთავის აზოტის გენერალური დირექტორის მოადგილე ლევან ბურდილაძე პროცესის შეჩერებას ადასტურებს, თუმცა კონკრეტულ მიზეზებზე არ საუბრობს.

"ვფიქრობ, ახლო მომავალში შევძლებთ პროექტის განახლებას", - აღნიშნა ბურდილაძემ.

პროექტისთვის დაფინანსება $125 მილიონით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს უნდა გამოეყო, საქართველოს ბანკი პროექტზე $30 მილიონს გამოყოფდა.

პროექტის ფარგლებში რუსთავის აზოტის ქარხნის სრული მოდერნიზაცია და შავი ზღვის სანაპიროზე ამიაკის საექსპორტო გადატვირთვის ტერმინალის აშენება იგეგმებოდა.

"ჩვენ გავაორმაგებთ ქარხნის წარმადობას, დღეს ჩვენ ვაწარმოებთ 0.5 მილიონ ტონა გვარჯილას, აქედან 450 ათასი ტონა გადის ექსპორტზე, 50 ათასი ტონა კი საქართველოში მოიხმარება. პროექტის შედეგად ჩვენი წარმადობა 1 მილიონი ტონა გახდება, ეს კი ავტომატურად ექსპორტს გაზრდის. ჩვენი ექსპორტი ხორციელდება მთელ ევროპაში, ლათინურ და ჩრდილოეთ ამერიკაში. შავი ზღვის ტერმინალსაც ვაშენებთ, რომელზეც $40 მილიონს დავხარჯავთ და ის ექსპორტს გაგვიმარტივებს", - სასესხო ხელშეკრულების გაფორმებისას ამბობდა რომან ფიფია.

კომენტარები