პოლიტიკური კრიზისი

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი, ხვალ, 29 აპრილს გაიმართება

ინტერპრესნიუსი

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი ხვალ, 29 აპრილს გაიმართება. 

პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული, რომელსაც მელია არ დაესწრება, რადგან წინა სხდომაზე ის მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა. 

მელიას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლისშვილის თქმით, ამნისტიის კანონთან დაკავშირებით, მელიას პოზიცია უცვლელია. მისივე თქმით, ხელისუფლებას ნიკა მელიას გათავისუფლების შანსი აქვს. 

"ხელისუფლებას კიდევ ერთი შანსი აქვს, რომ მიიღოს გონივრული გადაწყვეტილება და დაასრულოს ნიკა მელიას პოლიტიკური ტყვეობა. ეს შესაძლებელია პროკურატურის შუამდგომლობით. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, ნიკა მელიამ დააფიქსირა პოზიცია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამნისტია იქნება გამოხმობილი და მოიხსნება დღის წესრიგიდან, ის მზად არის, მიიღოს ევროკავშირის გირაო და ამ ფორმით მოხდეს მისი პატიმრობიდან გათავისუფლება". – ამბობს საძაგლიშვილი. 


ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია

შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილ დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა. ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (ნიკა რურუას და ნიკა მელიას საქმეებზე).

ნიკა მელიას გათავისუფლებისთვის შეთანხმება 20 ივნისის მოვლენებზე ამნისტიის გამოცხადებას მოიცავს. 

27 აპრილს რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ქართული ოცნებისა და პარლამენტში შესული ოპოზიციური პარტიების წევრები 20 ივნისის ამნისტიის საკითხზე ვერ შეთანხმდნენ, რის გამოც საკანონმდებლო ორგანოში ამნისტიის შესახებ ორი კანონპროექტი დარეგისტრირდება – ერთი ხელისუფლების, ხოლო მეორე ოპოზიციის მხრიდან. 

ოპოზიციის კანონპროექტის მიხედვით, ამნისტირებული უნდა იყოს ის მუხლები, რომლითაც მიმდინარეობს სამართალწარმოება, როგორც მომიტინგეების, ისე სამართალდამცველების წინააღმდეგ, ხოლო ქართული ოცნების კანონპროექტის მიხედვით, ამნისტია უნდა გავრცელდეს ყველა შესაძლო დანაშაულსა და მუხლზე, რომელიც 20-21 ივნისის მოვლენებს უკავშირდება. 

ამავდროულად, მხარეები თანხმდებიან, რომ ამნისტია არ უნდა გავრცელდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევებზე, როგორიცაა წამება, წამების მუქარა, არაადამიანური მოპყრობა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და ა.შ. 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ სამართალდამცავთა დანაშაულებზე ამნისტიის გავრცელებით საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება არა მხოლოდ დამნაშავის ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ საზოგადოების ნდობა და პატივისცემა სამართალდამცავი სისტემისადმი, ასევე, სახელმწიფოს ვალდებულების შესრულება, ებრძოლოს დაუსჯელობის განცდას, რომელიც დამნაშავეს შეიძლება გაუჩნდეს თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო.

კომენტარები