რეფინანსირების განაკვეთი

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 9.5%-მდე გაზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 28 აპრილს რეფინანსირების განაკვეთის 1 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.5%-ით განისაზღვრა. ამ გადაწყვეტილებით, იმ მსესხებლებს, რომლებსაც სესხი ცვლად საპროცენტო განაკვეთზე აქვთ მიბმული, სესხი გაუძვირდებათ.

რეფინანსირების განაკვეთი აქამდე 8.5%-ზე იყო, მას შემდეგ, რაც 17 მარტს, ეროვნულმა ბანკმა ის 50 საბაზისო პუნქტით გაზარდა.

"ინფლაციის დინამიკაზე ნარჩუნდება საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასების ზრდისგან მომდინარე წნეხი, რომელიც ნავთობპროდუქტებისა და სურსათის ზოგიერთ ჯგუფებზე ფასების ზრდაში ისახება. ამასთან, ჯერ კიდევ დაბალი გამოშვების ფონზე, პროდუქციაზე საშუალო დანახარჯები კვლავ მაღალია, რაც ინფლაციაზე დამატებით აღმავალ ზეწოლას განაპირობებს.

კომიტეტმა ასევე გაითვალისწინა, რომ სავაჭრო პარტნიორ ეკონომიკებში ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესები, გარკვეულწილად,  ადგილობრივ სავალუტო ბაზარსაც გადმოეცემა. ეს უკანასკნელი კი, ეკონომიკის მაღალი დოლარიზაციის პირობებში, ფასების ზრდაზე კიდევ უფრო მეტ წნეხს აჩენს. ამასთან, საქართველოში და გლობალურადაც ტურიზმის ინდუსტრიის პერსპექტივებთან დაკავშირებით მაღალი გაურკვევლობა ნარჩუნდება. ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების ფონზე, ფისკალური დეფიციტი კვლავ მაღალია, რაც ადგილობრივ მოთხოვნას ასტიმულირებს.

რაც შეეხება დაკრედიტებას, მიუხედავად ბოლოდროინდელი შენელებისა, საფინანსო სექტორის ლიკვიდობის ადეკვატური ბუფერების შენარჩუნების შედეგად, ის ზომიერ ზრდას განაგრძობს. ჯამურად, შიდა მოთხოვნის ზრდა იმპორტის წამახალისებელია. ინფლაციის მიზნობრივ ნიშნულზე მაღლა ხანგრძლივად შენარჩუნებისა და მასზე გაძლიერებული წნეხის გათვალისწინებით, კომიტეტმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 1 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის შესაძლო შემდგომი გამკაცრება ინფლაციის მოლოდინებსა და მასზე მოქმედი ფაქტორების დინამიკაზე იქნება დამოკიდებული", - წერს ეროვნული ბანკი. 

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტია.

თუ პროგნოზირებული მაჩვენებელი აღემატება ინფლაციის მიზნობრივ დონეს, ეროვნული ბანკი ამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას და აწევს საპროცენტო განაკვეთს, რათა შეზღუდული იყოს მომავალში ფასების დონის მატება. შედეგად, მცირდება ერთობლივი მოთხოვნა, რაც ზეგავლენას მოახდენს ფასების ზრდის ტემპზე. საპირისპირო შემთხვევაში, როდესაც ერთობლივი მოთხოვნა არის დაბალი და ინფლაციის პროგნოზირებული მაჩვენებელი ნაკლებია მიზნობრივზე, ეროვნული ბანკი ამცირებს საპროცენტო განაკვეთს, რაც გარკვეული პერიოდის შემდეგ გადაეცემა სესხების საპროცენტო განაკვეთს და გამოიწვევს ერთობლივი მოთხოვნის წახალისებას.

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის შემცირება კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური გამოწვევების მიზეზით დაიწყო. 

ეკონომიკური კრიზისის პირობებში საბაზისო განაკვეთის შემცირება პოპულარული ნაბიჯია, რადგან ბიზნესისა და საცალო სექტორის შედარებით იაფ და უწყვეტ დაკრედიტებას უზრუნველყოფს. ამის მიუხედავად, საქართველოში მონეტარული პოლიტიკის შერბილებას სხვა ასპექტებიც გააჩნია, კერძოდ კი -  ინფლაცია. 

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ინფლაციის ფაქტობრივი მაჩვენებელი საგრძნობლად აღემატება სებ-ის მიერ განსაზღვრულ სამიზნე ნიშნულს. ამ პირობებში რეფინანსირების განაკვეთის შემცირება კი ინფლაციაზე დამატებით წნეხს ქმნის.

 

კომენტარები