ქართული კინო

კახი კავსაძის 10 გამორჩეული კინოროლი

ქართული კინო

კახი კავსაძის 10 გამორჩეული კინოროლი

85 წლის ასაკში ქართული კინოსა და თეატრის ლეგენდა, მსახიობი კახი კავსაძე გარდაიცვალა.


მსახიობმა ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ასობით დასამახსოვრებელი როლი შეასრულა როგორც თეატრის სცენაზე, ისე კინოში. გამორჩეული ქარიზმა, მტკიცე გამომეტყველება და პიროვნული სიძლიერე მისი პერსონაჟების მთავარი მახასიათებლებია.


წარმოგიდგენთ კახი კავსაძის ათ დასამახსოვრებელ კინოროლს.


მონანიება


თენგიზ აბულაძის გახმაურებულ დრამაში კავსაძე პარტიულ ჩინოვნიკს, მიხეილ კორეშელს თამაშობს, რომელიც მთავარი გმირის, სანდრო ბარათელის მეგობარია. ფილმის პირველ ნახევარში ვხედავთ მტკიცე, ძლიერ თანამდებობის პირს, ვისთვისაც უდანაშაულო ადამიანის სასიკვდილოდ გაწირვა ამორალურია. მეორე ნახევარში ჩვენს წინაშეა გატეხილი, განადგურებული, ახალგაზრდა მოხუცი, საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად ასობით ადამიანის დაბეზღებაზე წამსვლელი, შეშინებული ადამიანი. კავსაძის მიერ ბრწყინვალედ შესრულებული როიალის სცენა, შესაძლოა, არა მთავარი, მაგრამ ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სცენაა.


ნატვრის ხე


თენგიზ აბულაძის კიდევ ერთი ნამუშევარი, რომელიც გიორგი ლეონიძის იმავე სახელწოდების წიგნს ეფუძნება. სურათში როლებს 70-იანი წლების წამყვანი მსახიობები ასრულებენ. მიუხედავად ფილმის ვარსკვლავური შემადგენლობისა, კავსაძე მეორეხარისხოვანი როლითაც ახერხებს დაუვიწყარი პერსონაჟის შექმნას. მისი ექსცენტრიული, ხმაურიანი, რევოლუციის მომლოდინე იორამის გარეშე ნატვრის ხე წარმოუდგენელია.

ცხელი ზაფხულის სამი დღე


მსახიობი უმეტესად მეორეხარისხოვან როლებს ასრულებდა, ცხელი ზაფხულის სამი დღე იშვიათი და სასიამოვნო გამონაკლისია. კავსაძის გმირი საბჭოთა მეცნიერი, ალალი, უბოროტო, ნათელი იდეალების მატარებელი კაცია, რომელიც ძირგამომპალ სისტემას უპირისპირდება და ბოლომდე იბრძვის სიმართლისთვის. რეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილს საბჭოთა კინოს ჩინოვნიკები დიდად არ სწყალობდნენ, შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ ცხელი ზაფხულის სამი დღე ნაკლებად ცნობილი ქართული შედევრია, რომლის მამოძრავებელი ძალა კავსაძის შესრულებაა.

ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი


მიგელ სერვანტესის უკვდავი რომანის რეზო ჩხეიძისეულ ეკრანიზაციაში კავსაძე ლეგენდარულ ლიტერატურულ გმირს, დონ კიხოტს ასახიერებს. მაღალი კლასის შესრულებაში იგრძნობა ის სამსახიობო გამოცდილება, რომელსაც მსახიობი ათწლეულების განმავლობაში აგროვებდა და ამუშავებდა. მაღალინტელექტუალური პერფორმანსი, რომელიც მსოფლიო კინოს სტანდარტებს თავისუფლად აკმაყოფილებს.

უდაბნოს თეთრი მზე


როლმა კახი კავსაძის სახელი ქვეყნის გარეთ გაიტანა და მსახიობი საბჭოთა კავშირის მაყურებელმა გაიცნო და შეიყვარა. მისი შავი აბდულა საბჭოთა კინოს ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ბოროტმოქმედია. ძლიერი, ქარიზმატული, ეშმაკი ბანდიტი, საკუთარი ფილოსოფიითა და ორიგინალური ხედვით. ერთი შეხედვით ისთერნი (ვესტერნის საბჭოთა ანალოგი) ჟანრისთვის დამახასიათებელი კლიშეებით არის სავსე, მაგრამ სწორედ კავსაძის და, რა თქმა უნდა, პაველ ლესპუკაევის პერსონაჟები მატებენ სურათს იმ მრავალფეროვნებას, რომლის წყალობითაც უდაბნოს თეთრი მზე წითლებისა და თეთრების ბანალურ იდეოლოგიურ დაპირისპირებას სცდება.

რეზო გაბრიაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმები


კიდევ ერთი კინოროლი, რომლითაც კავსაძეს პოსტსაბჭოთა სივრცეში იცნობენ, გზის მუშა ბესოა. გულუბრყვილო, კეთილი, მშრომელი კაცი, რომელიც ხშირ შემთხვევაში ორი კოლეგის (ბაადურ წულაძე და გივი ბერიკაშვილი) ოინების მსხვერპლი ხდება. შავი აბდულასგან რადიკალურად განსხვავებული კომედიური პერსონაჟი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მსახიობის უნივერსალურობასა და გარდაქმნის საოცარ ნიჭს. კავსაძის ბესო რეზო გაბრიაძის სცენარის მიხედვით გადაღებულ შვიდ მოკლემეტრაჟიან ფილმში გამოჩნდა.

ღვინის ქურდები


ქართველი მაყურებლის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მოკლემეტრაჟიანი კომედია. სურათში კავსაძე კახელი მეღვინის ქრესტომათიულ სახეს ქმნის, ელიბოს სოფელში ავი და უჟმური კაცის სახელი აქვს, თუმცა, ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. ხელმოცარულ ქურდებთან ერთად შესმული განსხვავებული სასმისი მის ნამდვილ სახეს აჩენს, მოსიყვარულე და მეგობრული მევენახისა. 

შემთხვევითი პაემნები


კახი კავსაძის ერთ-ერთი ბოლო როლი. ლევან კოღუაშვილის სურათში მსახიობი მთავარი გმირის, სანდროს მამას თამაშობს. "სანდროს მამა" - სწორედ ეს წერია მისი გვარის გასწვრივ ტიტრებში, პერსონაჟი მართლაც კრებსითი მამაა, რომელიც განიცდის საკუთარი შვილის მარტოობას. მცირე საეკრანო დროის მიუხედავად, კავსაძემ უზადოდ შეასრულა ძველი თაობის წარმომადგენელი, ისეთი, როგორიც ბევრ ჩვენგანს სახლში, ეზოში ან სამეზობლოში ჰყავს. აღსანიშნავია, რომ დიდებულ მსახიობს კიდევ ერთხელ დიდ ეკრანზე სწორედ კოღუაშვილის ახალ ნამუშევარში ვიხილავთ. მეოთხე ბრაიტონი ასე ჰქვია ფილმს, რომლის პრემიერა ნიუ-იორკში, ტრაიბეკას კინოფესტივალზე ივნისში გაიმართება.

სამოთხის გვრიტები


გივი ბერიკაშვილი და კახი კავსაძე ერთად მრავალჯერ გვინახავს, იქნება ეს კინო, სპექტაკლი თუ  საესტრადო ნომერი, თუმცა, გოდერძი ჩოხელის სამოთხის გვრიტებში მათი დუეტი ალბათ საუკეთესოა. სკოლის მასწავლებლისა და ბრიგადის მეთაურის ტკბილ-მწარე, ორგანული ურთიერთობა ჩოხელის სცენართან ერთად სურათის მთავარი ღირსებებია. "ამ მუშტსა..." "ცხორი, ცხორი, ცხორი" "ნუ აწკრიალებ" და სტეფანეს მიერ წარმოთქმული სხვა გამონათქვამები დროსთან ერთად ხალხში გავრცელებულ ფრთიან ფრაზებად იქცა.

ნეტავი, იქ თეატრი არის?!


ალბათ, ყველაზე პირადი და გულახდილი ფილმი დიდი მსახიობის შემოქმედებაში. დოკუმენტურ-მხატვრული სურათი კახი კავსაძის ბიოგრაფიას ეფუძნება. ამბის მთხრობელი თავად კავსაძეა, რომელიც სტალინის პერიოდის საქართველოში გატარებულ რთულ ბავშვობას იხსენებს. ფილმის მიწურულს კი აკაკი ვასაძის მიერ სიკვდილის წინ დასმულ კითხვას სვამს: "ნეტავი, იქ თეატრი არის"?! კითხვა, რომელიც 27 აპრილს მსახიობის მრავალრიცხოვან თაყვანისმცემელს გაახსენდა.  პასუხი არავის აქვს, მაგრამ ერთი რამ ნათელია, თუ იქ თეატრი არის, კახი კავსაძე აუცილებლად იდგება მის სცენაზე.

 

კომენტარები