პოლიტიკური კრიზისი

ბოკერია: შეურაცხყოფაა იმის თქმა, რომ ამნისტია კონვენციურ მუხლებზე არ გავრცელდება

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ეხმაურება 20 ივნისის ამნისტიაზე მიმდინარე დისკუსიას და მოლაპარაკებებს ხელისუფლებასა და პარლამენტში შესულ ოპოზიციურ პარტიებს შორის. 

გიგა ბოკერიას შეფასებით, ძალიან მძიმე შეცდომაა მისი კოლეგების მხრიდან, როდესაც მათ ჯერ ხელი მოაწერეს ევროკავშირის მიერ შექმნილ შეთანხმების ტექსტს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეს გამოსავლის ძიება, როგორ არ გავრცელებულიყო ამნისტია იმ სამართალდამცველებზე, რომლებმაც ძალას გადაამეტეს. 

"ყოველგვარი სპეკულირების გარეშე, ჩვენ, ევროპული საქართველო ან პერსონალურად მე თუ გადავწყვეტდით, რომ ეს დოკუმენტი ჯამში ან იმის გამო, რომ დიდი ეროვნული შერიგება ხდება და პოლიტიკური დევნა საერთოდ წყდება, რაც არ არის, ან იმის გამო, რომ სასწორის მეორე პინაზე იმხელა გარღვევა დევს, რომ უნდა ამას დავთანხმდეთ, მოვაწერდით ხელს ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე და ამ ხელს ვეტყოდით, რომ თქვენ შეიძლება, არ გვეთანხმებოდეთ, მაგრამ ამაზე მივდივართ. 

დიახ, ფასი ისაა, რომ მოძალადეებს შეიწყალებენ და ამის შემდეგ ამის ართქმა და გამოსავლის ძიება, რომ ახლა იქ ამას ჩავწერთ და იქ იმას ჩავწერთ, Post Factum, როცა შეთანხმება უკვე ხელმოწერილია, მძიმე შეცდომაა და კიდევ უფრო აღრმავებს უნდობლობას". – ამბობს გიგა ბოკერია TV პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში. 

ევროპული საქართველოს ლიდერის თქმით, სიცრუეა იმაზე საუბარი და იმის მტკიცება, რომ ამნისტია კონვენციურ მუხლებზე არ გავრცელდება, რადგან თუნდაც ძალადობრივად აქციის დაშლა საერთაშორისო სამართლის მიხედვით, არც წამებაა და არც არაადამიანური მოპყრობა. 

"ეგეთი რამ იშვიათად ხდება, რომ ვიდეო გქონდეს, სამართალდამცველი როგორ ესვრის კონკრეტულ ადამიანს. პოლიციელების მიერ ძალის გადამეტება მოხდა მასობრივად და ის სამი, თუ შემდეგი სამი, თუ შემდეგი ხუთი პოლიციელი, ბრალდებული იქნება, თუ იქნება, ლეგიტიმური ძალის გადამეტების მუხლით. მთელი ეს არგუმენტები მერე მოგონილია, რომ ჩვენ ამას არ გავავრცელებთ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე და კონვენციურ მუხლებზე. ეს, უბრალოდ, შეურაცხყოფაა, ისეთი სიცრუეა. მაგაზე არც ვრცელდება. ნებისმიერ ქვეყანაში პოლიციელების მიერ სასტიკად დარბევაც კი, არ არის წამება და არაადამიანური მოპყრობა საერთაშორისო სამართლით. არაფერ შუაშია.

ამიტომ, მოგონილი ბარიერი გადავლახეთო, რომ იტყვი, ამით უნდობლობას კიდევ უფრო გააღრმავებ და განსაკუთრებით ეს პოლიტიკურ პარტიებზე მეტად ეხება ზოგიერთ საზოგადოებრივ ჯგუფს, რომლებიც ჯერ ამუნათებდნენ იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ხელმოწერაზე, ჩემი აზრით, დროზე ადრე გატყდნენ, ამუნათებდნენ, დროზე მოაწერეთ ხელიო. მერე ხელი რომ მოაწერეს, უთხრეს, უი, რას მოაწერეთ ახლა ხელი, არ დაუშვათ მოძალადეების ამნისტირებაო. მაგალითად, საიას ვგულისხმობ და სირცხვილიას ნაწილს". – თქვა გიგა ბოკერიამ. 


ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია

შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილ დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა. ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (ნიკა რურუას და ნიკა მელიას საქმეებზე).

ნიკა მელიას გათავისუფლებისთვის შეთანხმება 20 ივნისის მოვლენებზე ამნისტიის გამოცხადებას მოიცავს. 

27 აპრილს რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ქართული ოცნებისა და პარლამენტში შესული ოპოზიციური პარტიების წევრები 20 ივნისის ამნისტიის საკითხზე ვერ შეთანხმდნენ, რის გამოც საკანონმდებლო ორგანოში ამნისტიის შესახებ ორი კანონპროექტი დარეგისტრირდება – ერთი ხელისუფლების, ხოლო მეორე ოპოზიციის მხრიდან. 

ოპოზიციის კანონპროექტის მიხედვით, ამნისტირებული უნდა იყოს ის მუხლები, რომლითაც მიმდინარეობს სამართალწარმოება, როგორც მომიტინგეების, ისე სამართალდამცველების წინააღმდეგ, ხოლო ქართული ოცნების კანონპროექტის მიხედვით, ამნისტია უნდა გავრცელდეს ყველა შესაძლო დანაშაულსა და მუხლზე, რომელიც 20-21 ივნისის მოვლენებს უკავშირდება. 

ამავდროულად, მხარეები თანხმდებიან, რომ ამნისტია არ უნდა გავრცელდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევებზე, როგორიცაა წამება, წამების მუქარა, არაადამიანური მოპყრობა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და ა.შ. 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ სამართალდამცავთა დანაშაულებზე ამნისტიის გავრცელებით საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება არა მხოლოდ დამნაშავის ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ საზოგადოების ნდობა და პატივისცემა სამართალდამცავი სისტემისადმი, ასევე, სახელმწიფოს ვალდებულების შესრულება, ებრძოლოს დაუსჯელობის განცდას, რომელიც დამნაშავეს შეიძლება გაუჩნდეს თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო.

კომენტარები