პოლიტიკური კრიზისი

სამადაშვილი: ამნისტია არის გზა არა დავიწყებისკენ, არამედ იარების მოშუშებისკენ

"ამნისტია ეს არის გზა არა დავიწყებისკენ, არამედ იარების მოშუშებისკენ". – ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, სალომე სამადაშვილი პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. სამადაშვილის თქმით, ამნისტია მიმართულია, რომ "არ ვიყოთ ჩაჭიდებული წარსულ დრამას", თუმცა, მისივე სიტყვებით, "წინ ვერ წავალთ", თუ საქართველოს რომელიმე მოქალაქე ჩათვლის, 19-21 ივნისის მოვლენებზე ამნისტიით მისი უფლებები ირღვევა.

"მე მინდა გამოვეხმაურო ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას, რომელიც უკანასკნელ დღეებში იპყრობს საზოგადოების ყურადღებას - ეს არის 19-21 ივნისის მოვლენების ამნისტია. ვერასდროს და ვერავინ ვერ ამოშლის ჩვენი ხალხის ისტორიული მეხსიერებიდან იმას, რაც იმ დღეს მოხდა, როდესაც დაიცვა ასობით ათასმა მოქალაქემ ჩვენი ქვეყნის ღირსება და ვერც ამ პარლამენტის ისტორიიდან ვერ ამოიშლება ის დღე, როდესაც მე ჩემს მეგობრებთან ერთად აქედან, ამ დარბაზიდან გავაძევეთ ბატონი გავრილოვი. სამწუხაროდ, ვერც ის დღე ამოიშლება, როდესაც ამ დარბაზში მოეხსნა იმუნიტეტი ნიკა მელიას მის დასაპატიმრებლად. 

ამნისტია ეს არის გზა არა დავიწყებისკენ, არამედ იარების მოშუშებისკენ, იმისთვის, რომ ჩვენ არ ვიყოთ ჩაჭიდებული წარსულ დრამას, წარსულ ტკივილს და შევძლოთ, როგორც საზოგადოებამ, რომ წინ წავიდეთ. თუმცა, წინ ვერ წავალთ, თუ საქართველოს რომელიმე მოქალაქე ჩათვლის, რომ ეს ამნისტია მის უფლებებს არღვევს, ამიტომ ჩვენ უახლოეს დღეებში გვმართებს ძალიან ფართო საზოგადოებრივი დისკუსია ამნისტიის კანონპროექტზე. თუმცა, ცხადია, ჩვენ ვიცავთ იმ შეთანხმების სულისკვეთებას, რომელსაც ხელი მოვაწერეთ". – ამბობს სამადაშვილი. 

ოპოზიციის ის წევრები, რომლებმაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს, დღეს, 27 აპრილს პარლამენტში მივიდნენ და რეგისტრაცია გაიარეს, რათა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუა შეიწყალოს. მათი მისვლის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან აქტივისტებმა აცია გამართეს - "არა ჯალათების ამნისტიას". 

შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილ დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა. ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (ნიკა რურუას და ნიკა მელიას). ოპოზიციის იმ ნაწილის მტკიცებით, რომელმაც შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა, ამნისტია არ გავრცელდება ადამიანის უფლებათა კონვენციით გათვალისწინებულ  მუხლებზე, "ანუ ჯალათებზე". მმართველი პარტიაში კი ამბობენ, რომ ამნისტია გავრცელდება ყველაზე და ყველაფერზე, თუმცა მათივე მტკიცებით, დაცული იქნება კონვენციური სტანდარტები. 

გუშინ, 26 აპრილს, ნიკა მელიამ მზადყოფნა გამოთქვა, დათანხმდეს ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას, თუ 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების ამნისტიის კანონის მიღება დღის წესრიგიდან მოიხსნება.   

კომენტარები