პოლიტიკური კრიზისი

თალაკვაძე: მელიას განცხადება მიმართულია, რომ დესტრუქცია მოუწყონ შეთანხმებას

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, არჩილ თალაკვაძე ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართვას ეხმაურება. თალაკვაძე ამბობს, რომ გირაოს გადახდა არ არის გარანტია, რომ მელია საბოლოოდ თავისუფალი იქნება და, მისივე სიტყვებით, ენმ-ის თავმჯდომარის განცხადება "მიმართულია იქეთკენ, რომ დესტრუქცია მოუწყონ შეთანხმებას". 

"გირაოს გადახდა ცვლის მხოლოდ წინასწარი პატიმრობის მოცემულობას, ანუ გირაოს თუ გადაიხდის ნიკა მელია, ის წინასწარი პატიმრობიდან დატოვებს დაწესებულებას და მონაწილეობას მიიღებს, როგორც მისი სხვა კოლეგები პოლიტიკურ პროცესში, თუმცა ეს მაინც არ ნიშნავს საბოლოოდ, რომ გირაოს გადახდა მის საბოლოოდ თავისუფლებაზე ყოფნას უზრუნველყოფს, ვინაიდან სასამართლომ უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება ნიკა მელიას ბრალეულობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სწორედ ამიტომ ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა შემოგვთავაზეს და ჩადეს შეთანხმების დოკუმენტში ამნისტიის პროექტი, რათა საბოლოოდ მოგვარდეს ეს საკითხი და არა შუალედურად. 

ნიკა მელიას განცხადება, ვფიქრობ, უფრო მიმართულია იქეთკენ, რომ დესტრუქცია მოუწყონ შეთანხმებას და როგორმე დააბნიონ საზოგადოება. გირაო არ არის იმის გარანტია, რომ ნიკა მელიას საბოლოოდ დარჩება თავისუფლებაზე, ამისთვის საჭიროა ამნისტია. თუ ამნისტიას არ ეთანხმებიან, აქ არის მთელი ხელმომწერი ოპოზიცია, დღეს შეუძლიათ გამოვიდნენ და დააფიქსირონ საკუთარი დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით. ამ დოკუმენტზე ხელმოწერა არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და პარტია, რომელიც გაექცევა ამ პასუხისმგებლობას, პოლიტიკურ ფასსაც გადაიხდის". – ამბობს თალაკვაძე.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ნიკა მელია ხელმომწერი მხარე არ არის და არ აქვს უფლება "გვიკარნახოს პირობები".  

ნიკა მელია მზადყოფნას გამოთქვამს, დასთანხმდეს ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას, თუ 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების ამნისტიის კანონის მიღება დღის წესრიგიდან მოიხსნება.  

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია

შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილ დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა. ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (ნიკა რურუას და ნიკა მელიას). 

ოპოზიციის იმ ნაწილის მტკიცებით, რომელმაც შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა, ამნისტია არ გავრცელდება ადამიანის უფლებათა კონვენციით გათვალისწინებულ  მუხლებზე, "ანუ ჯალათებზე". მმართველი პარტიაში ამბობენ, რომ ამნისტია გავრცელდება ყველაზე და ყველაფერზე, თუმცა მათივე მტკიცებით, დაცული იქნება კონვენციური სტანდარტები.

კომენტარები