პოლიტიკური კრიზისი

ზარქუა: მელია უკვე აქეთ გვეხვეწება, გირაოს გადავიხდი და გამოვალო

ირაკლი ზარქუა

"უკვე აქეთ გვეხვეწება, გირაოს გადავიხდი და გამოვალო". – ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეზე, ნიკა მელიაზე საუბრისას. 

"ნიკა მელია აღმოჩნდა ტყვეობაში თავისი პოლიტიკური გუნდის, მათ შორის, სააკაშვილის და ახლა ცდილობს, რამენაირად სახე შეინარჩუნოს და ისე გამოვიდეს. მეც, ჩემი კოლეგებიც ვაფრთხილებდით, რომ მას გამოიყენებდა სააკაშვილი და შემდეგ მიაგდებდა. ახლა მისი არჩევანია, გირაოს არ ვიხდიო, ხომ ამბობდა? ახლა უკვე აქეთ გვეხვეწება, გირაოს გადავიხდი და გამოვალო". – ამბობს ზარქუა. 

ნიკა მელია მზადყოფნას გამოთქვამს, დასთანხმდეს ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას, თუ 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების ამნისტიის კანონის მიღება დღის წესრიგიდან მოიხსნება.  

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია

შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილ დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა. ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (ნიკა რურუას და ნიკა მელიას).  

ოპოზიციის იმ ნაწილის მტკიცებით, რომელმაც შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა, ამნისტია არ გავრცელდება ადამიანის უფლებათა კონვენციით გათვალისწინებულ  მუხლებზე, "ანუ ჯალათებზე". მმართველი პარტიაში ამბობენ, რომ ამნისტია გავრცელდება ყველაზე და ყველაფერზე, თუმცა მათივე მტკიცებით, დაცული იქნება კონვენციური სტანდარტები.

კომენტარები