2021 წელს გარდაცვლილები

ალბერ ელბაზი, YVES SAINT LAURENT-ის და LANVIN-ის დიზაინერი COVID-19-ით გარდაიცვალა

ალბერ ელბაზი
Reuters

ალბერ ელბაზი, Yves Saint Laurent-ის და Lanvin-ის დიზაინერი 59 წლის ასაკში პარიზის ამერიკულ საავადმყოფოში 24 აპრილს COVID-19-ით გარდაიცვალა. ინფორმაცია Richemont-მა, ელბაზის პროექტის AZ Factory-ის პარტნიორმა კონგლომერატმა დაადასტურა. 

"დავკარგე არა მხოლოდ კოლეგა, არამედ საყვარელი მეგობარიც. ალბერს დამსახურებული მდიდარი რეპუტაცია ჰქონდა, როგორც ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე კაშკაშა და საყვარელ ფიგურას. ყოველთვის მაოცებდა მისი გონიერება, მგრძნობიარობა, გულუხვობა და უსაზღვრო კრეატიულობა. განსაკუთრებული სითბოსა და ნიჭის ადამიანი იყო. მისი ხედვა, სილამაზის შეგრძნება და ემპათია ტოვებს წაუშლელ შთაბეჭდილებას" – თქვა Richemont-ის დამფუძნებელმა იოჰან რუპერტმა 25 აპრილს გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში.

ალბერ ელბაზი მაროკოში დაიბადა. 10 წლის ასაკში მისი ოჯახი საცხოვრებლად ისრაელში გადავიდა. სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ ელბაზმა შენკარის ინჟინერიისა და დიზაინის კოლეჯი დაამთავრა. კარიერა ალბერ ელბაზმა ნიუ-იორკში დაიწყო.

1998-2001 წლებში ალბერ ელბაზი მოდის სახლ Yves Saint Laurent-თან თანამშრომლობდა. 2011 წელს ის Lanvin-ის კრეატიული დირექტორი გახდა. კომპანია მან 2015 წელს დატოვა, Lanvin-ის ახალ მფლობელთან უთანხმოების გამო. ამის შემდეგ ელბაზმა ახალი ბრენდი AZ Factory დააფუძნა.

კომენტარები