პოლიტიკური კრიზისი

პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი – ვინ არის კახა კუჭავა

კახა კუჭავა

24 აპრილს არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა, მის ნაცვლად კი ქართული ოცნება პარლამენტს კანდიდატად კახა კუჭავას წარუდგენს. ამის მიზეზად თალაკვაძემ თქვა, რომ ახალი კანდიდატი პარლამენტის მუშაობას უფრო ნეიტრალური პოზიციიდან წარუძღვება, ვინაიდან თავად ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართულ მოლაპარაკებების პერიოდში ირაკლი კობახიძესთან ერთად ქართულ ოცნებას წარმოადგენდა. მეორე მხრივ, კახა კუჭავაც მნიშვნელოვნად იყო ჩართული პარტიის სახელით მოლაპარაკებების პროცესში, როგორც საქართველოში, ასევე აშშ-ში. 

ვინ არის კახა კუჭავა

კახა კუჭავა  ფრაქცია ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს  2016 წელს შეუერთდა. თავდაპირველად გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა, მოგვიანებით,  2019 წლის 25 ნოემბერს პარლამენტის ვიცესპიკერის თანამდებობაზე გადაინაცვლა. 

კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მე-9 მოწვევის პარლამენტშიც 2019 წლის ნოემბრიდან 2020 წლის დეკემბრამდე იყო, მას შემდეგ, რაც სრულად პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული დაპირების შეუსრულებლობის გამო ქართული ოცნება დატოვა დეპუტატების მორიგმა ნაკადმა.

2021 წლის 16 იანვარს პოლიტსაბჭოს წევრად აირჩიეს,  23 იანვარს, პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით კი, კახა კუჭავა საერთაშორისო მდივანი გახდა. 

კუჭავას როლი მოლაპარაკებებში

საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად პოლიტიკური კრიზისი დაიწყო, რაც გაამწვავა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებამ. ამ პროცესში კახა კუჭავა, პარლამენტის ვიცესპიკერის სტატუსით,  ევროკავშირის მედიაციით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებში 12 მარტს ჩაერთო. შეხვედრებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი მართავდა და კახა კუჭავასთან ერთად, ქართული ოცნებას მოლაპარაკებებზე პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ  თალაკვაძე წარმოადგენდა. 

ამის შემდეგ 12-დან 16 აპრილამდე კახა კუჭავა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან ერთად აშშ-ში  სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ამ ვიზიტის განმავლობაში, ქართული ოცნების წარმომადგენლები აშშ-ს სენატორებს შეხვდნენ, ვიზიტის დასრულებიდან მესამე დღეს კი ქართულმა ოცნებამ კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელი მოაწერა და თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ინიციატივით წარსდგა - თუ პარტია არჩევნებზე 40%-ს ვერ აიღებდა, ვადამდელ არჩევნებს დანიშნავდა. 

ბრალდებები დასავლეთის მისამართით

ქართულ ოცნებაში ყოფნის პერიოდში კახა კუჭავასგან დასავლელი პარტნიორების მისამართით არაერთი უხეში რიტორიკა და, ზოგ შემთხვევაში, ბრალდებებიც მოვისმინეთ. მაგალითად,  1-ელ აპრილს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების ერთობლივი განცხადების გავრცელების შემდეგ, სადაც ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად იდგა მომავალი არჩევნებისა და ორი პოლიტიკური საქმის გადაწყვეტა,  კახა კუჭავამ თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნების კუთხით ევროპარლამენტარებს "შეცდომა გაეპარათ, ან მიკერძოებულები არიან".

კახა კუჭავასგან ბრალდებები მოვისმინეთ აშშ-ს მისამართითაც. 2020 წლის 30 ივლისს ამერიკელმა კონგრესმენებმა გაავრცელეს წერილი, რომელშიც ისინი აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს მიმართავდნენ და საქართველოში დემოკრატიული მმართველობის გაუარესებასა და პოტენციურ კორუფციაზე შეშფოთებას გამოხატავდნენ. ამაზე საპასუხოდ კახა კუჭავამ კონგრესმენები ფულის აღებაშიც კი დაადანაშაულა: "ეს წერილი ხელმოწერილი არის და მისი მთავარი შემოქმედი არის ადამიანი, რომელიც ცნობილი არის, როგორც ლობისტური საქმიანობით დაკავებული ფრონტერას მხრიდან, რომელსაც ოფიციალურად ფულს უხდიან".

კუჭავა პოლიტპატიმრებზე

კახა კუჭავას რიტორიკა განსაკუთრებით მაშინ მწვავდება, როდესაც საქმე პოლიტპატიმრებს ეხება. 7 მაისს, ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა  საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს წერილით მიმართა და ოპოზიციასთან 8 მარტს დადებული შეთანხმების პირობების შესრულებისკენ მოუწოდა, რაც გიგი უგულავას, გიორგი რურუას, ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებასაც მოიაზრებდა, ამაზე კახა კუჭავამ თქვა, რომ კუბილიუსის წერილი "არ უკვირდა", ვინაიდან ის "თავისი პოლიტიკური პარტნიორის ბოლომდე დაცვას ცდილობდა".

ამის შემდეგ კახა კუჭავამ პოლიტპატიმარ გიორგი რურუას შესახებ ევროპარლამენტარებს წერილი მისწერა, სადაც, გიორგი რურუას ადვოკატების თქმით, არაერთი ტყუილი ჩაწერა. წერილის დაწერის მიზანი იყო ის, რომ პარტნიორებისთვის დაემტკიცებინა, რომ რურუას მიმართ პოლიტიკური მართლმსაჯულება არ იყო გამოყენებული, თუმცა, რამდენიმეგვერდიან საინფორმაციო წერილში კუჭავამ დეტალურად მიმოიხილა წლების წინ ჩადენილი ის დანაშაულებები, რომლებზეც რურუასთვის ოფიციალურად ბრალი არასდროს წარუდგენიათ.

რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას, ოცნების სხვა წევრების მსგავსად, კახა კუჭავაც მიიჩნევს, რომ მან კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს.

კომენტარები