აცრა

კანადის პრემიერმინისტრი AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა [VIDEO]

კანადის პრემიერმინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ და მისმა ცოლმა, სოფი გრეგორიმ, AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთეს.

"თუ თქვენც უკვე ჩვენსავით შეგიძლიათ აცრა, რაც შეიძლება მალე მიიღეთ თქვენი დოზა ". - თქვა ტრიუდომ პრესკონფერენციაზე .

კანადაში ვაქცინაციის დაწყებისას ჯასტინ ტრიუდომ თქვა, რომ, როგორც კი მისი რიგი მოვიდოდა, აიცრებოდა. 

კანადაში AstraZeneca-ს ვაქცინა დაშვებულია 40 წლის და უფროსი პირებისთვის.

კანადაში უკვე 11 400 000-ზე მეტ პირს გაუკეთეს ვაქცინა. 

კანადაში კორონავირუსის 1 200 000-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 23 000-ზე მეტი ადამიანი.

AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელიც. 16 აპრილს მას ვაქცინის პირველი დოზა გაუკეთეს.

იტალიის პრემიერმინისტრმა, მარიო დრაგიმაც AstraZeneca-ს ვაქცინა გაიკეთა. მანამდე, AstraZeneca-ს ვაქცინა გაიკეთეს ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა, საფრანგეთის პრემიერმინისტრმა, ჟან კასტექსმა და სხვა ლიდერებმა.

ევროპის წამლის სააგენტოს [EMA] უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციით, დასტურდება უიშვიათესი კავშირები AstraZeneca-ს Covid-19 საწინააღმდეგო ვაქცინასა და თრომბის შემთხვევებს შორის. ევროპის მარეგულირებლის დასკვნით, სისხლში თრომბოციტებისა და თრომბის განვითარების შანსები ძალიან დაბალია და AstraZeneca-ს ვაქცინიდან მიღებული სარგებელი მნიშვნელოვნად გადაწონის მასთან დაკავშირებულ პოტენციურ რისკებს.

საქართველოში 55 წელს ზემოთ პირებს შეუძლიათ AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთება.

კომენტარები