კორონავირუსისაქართველოში

კალოიანი: ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულდება, მოსალოდნელია საკმაოდ მძიმე კვირები

ევროპული საქართველო

ჯანდაცვის საკითხებში ევროპული საქართველოს მდივნის, ვახო კალოიანის თქმით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულია და "საკმაოდ მძიმე კვირებია" მოსალოდნელი, რაც ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლასა და საწოლების შემცირებული რაოდენობაში გამოიხატება.

"იმედია, ჯანდაცვის სამინისტრო დროულად გააკეთებს მობილიზაციას და ისევ არ გავივლით იმ დრამატულ თვეებს, როგორიც იყო ნოემბერი-დეკემბერი. ძალიან მნიშვნელოვანია ინტენსიური საწოლების დროული მობილიზება. სამწუხაროდ, ამ თვეების განმავლობაში გარკვეული ინფრასტრუქტურული და სისტემური გაუმჯობესებების მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტროს არ გადაუდგამს ნაბიჯები – ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რეალურად იმ ჩავარდნილი ვაქცინაციის პროცესის ფონზე, რომელიც სახეზეა.ერთადერთი გამოსავალი, რათა ეს დარტყმა შევამციროთ და ეკონომიკაც ძალიან არ დავაზარალოთ, იქნება ისევ ნიღბის ტარება, დისტანციის დაცვა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა არ იყოს პიკის საათებში მოქალაქეების დიდი შეჯგუფება. ამ გზით, ჯერ კიდევ არის შანსი, რომ დრამატული სიტუაცია ავიცილოთ მაისის პირველ ნახევარში". – ამბობს ვახო კალოიანი.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 28 751 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 1 271 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 729 პაციენტი.  დადებითობის დღიური მაჩვენებელია 4.42%, ბოლო 14 დღის - 3.75%, ხოლო ბოლო 7 დღის - 4.55%.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 13 231, აქედან 3 523 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 682 - Covid-სასტუმროებში, ხოლო 9 022 - ბინაზე. მძიმე პაციენტია 584 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 113 პაციენტი.

23 აპრილის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 301 535 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 284 286 გამოჯანმრთელდა,  3 992 კი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, თუ ინფიცირების შემთხვევების ზრდა გაგრძელდება, "მოგვიწევს, დავუბრუნდეთ შეზღუდვების მენიუს, რაც გამოვიარეთ". თამარ გაბუნიამ არ გამორიცხა, რომ ტრანსპორტის მოძრაობა "ლოკალურად შეიზღუდოს".  4-11 მაისი უკვე გამოცხადდა უქმე დღეებად.  მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი, დამატებით რა შეზღუდვები დაწესდება.

კომენტარები